16-01-2018
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კლუბ „ბასიანში“ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
გიორგი გახარიას შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა უსაფრთხოების საკითხში უწყება უკომპრომისო იქნება. მინისტრის განცხადებით, დაუცველი პოლიციელი საზოგადოების უსაფრთხოების გარანტიას ვერ უზრუნველყოფს.
„იქ, სადაც საქმე პოლიციელის უსაფრთხოებას და ღირსებას ეხება, აბსოლუტურად უკომპრომისოები ვიქნებით. ეს არ არის უწყებრივი სოლიდარობის საკითხი. იმიტომ, რომ საზოგადოების, რომელშიც პოლიციელი დაუცველია, ამ საზოგადოების უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ მოგცემთ. ასევე უკომპრომისოები ვიქნებით, როცა პოლიციელის მხიდან უფლებამოსილების გადამეტებას ექნება ადგილი. სხვა მხრივ, ვერ ვხედავთ პერსპექტივას შსს-ს, როგორც უწყების რეფორმირების... ამ რეფორმირების პროცესშიც მაქსიმალურად ეფექტზე ორიენტირებულები ვიქნებით“-განაცხადა მინისტრმა.
კითხვაზე, თუ როგორ აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბრალდებული 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოა და გადწყვეტილების მიღებაც მხოლოდ მისი პრეროგატივაა.
13 იანვარს კლუბ ”ბასიანთან” ინციდენტი მოხდა, რა დროსაც პოლიციელები დაიჭრნენ.
18-12-2024