გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ქართველ ხალხს აქვს რწმენა, რომ „ქართული ოცნება" ის ხელისუფლებაა, რომელიც წაიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციისკენ, მეორე მხარეს არის სრულიად ანტიევროპული პოლიტიკური ძალა - კოლექტიური "ნაცმოძრაობა"

18-10-2024

ქართველ ხალხს აქვს რწმენა, რომ „ქართული ოცნება" ის ხელისუფლებაა, რომელიც წაიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციისკენ, მეორე მხარეს არის სრულიად ანტიევროპული პოლიტიკური ძალა - კოლექტიური "ნაცმოძრაობა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისივე თქმით, ოპოზიციის მესიჯი, თითქოს არჩევნები არის რეფერენდუმი რუსეთსა და ევროპას შორის, სიყალბეა.


„საქართველოში ევროინტეგრაციას მხარს უჭერს 85 %, „ქართულ ოცნებას" 60 %. ეს ნიშნავს იმას, რომ უხეშად რომ გითხრათ, ასეთ ტყუილებს არავინ ჭამს, არავინ ყიდულობს საქართველოში. ის ფაქტი, რომ ევროინტეგრაციას მხარს უჭერს 85 % და „ქართულ ოცნებას" 60 %, მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიციის მესიჯი ევროპასთან და რუსეთთან დაკავშირებით, თითქოსდა ეს არჩევნები არის რეფერენდუმი რუსეთსა და ევროპას შორის, არის სრული სიყალბე. 85 % და 60 % ერთად მიანიშნებს რაზე, რომ ქართველ ხალხს აქვს რწმენა, რომ „ქართული ოცნება" ის ხელისუფლებაა, რომელიც წაიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციისკენ. მეორე მხარეს არის სრულიად ანტიევროპული პოლიტიკური ძალა - კოლექტიური "ნაცმოძრაობა". შეგახსენებთ, ვინ არიან ესენი - „ნაცმოძრაობა" 9 წელი იყო ხელისუფლებაში, ამ 9 წლის განმავლობაში რაც გააკეთა იყო ის, რომ აწამებდა ადამიანებს, გადაავსო ციხეები.


ჩვენ 2.5-ჯერ შევამცირეთ ციხეებში პატიმრების რაოდენობა და 10-ჯერ შევამცირეთ სიკვდილიანობა ციხეებში. ვიღაცებს უნდათ, რომ ანტიევროპული პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობა" წარმოაჩინონ ევროპულ ძალად. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა ბიზნესის ტერორი, ბიზნესის რეკეტი. 10 000 კაცს სახელმწიფოზე გადააფორმებინეს საკუთარი ქონება, ტელევიზიების მიტაცება, ომი, უბედურება, 400 ადამიანზე მეტი დაიღუპა მათ მიერ წამოწყებული ომის შედეგად, 30 000 ადამიანი იქცა დევნილად, ეს იყო ყველაზე ანტიევროპული ხელისუფლება, რაც კი საქართველოს ჰყოლია და ვიღაცები გვეუბნებიან, რომ ეს ანტიევროპული პოლიტიკური ძალა უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, რომ ქვეყანას ჰქონდეს ევროპული პერსპექტივაო. რა დონის ტყუილია, ამას საზოგადოება ხედავს,"- განაცხადა პრემიერმა.


ირაკლი კობახიძის შეფასებით, პარტიები - „ახალი", „ლელო" და „გახარია საქართველოსთვის" ამ ანტიევროპული პოლიტიკური ძალის გაგრძელებებია.

„გვარამიას პარტია - ეს ზუსტად იგივეა, „ნაცმოძრაობის" გაგრძელება, დანამატი. ისინიც იყვნენ „ნაცმოძრაობის" ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ანუ ისინიც არიან პასუხისმგებელნი ადამიანების წამებაზე, მკვლელობაზე, ტელევიზიების მიტაცებაზე. პირადად გვარამია, სხვა ლიდერები, მელია და ა.შ. პირადად არიან ისინი პასუხისმგებელნი ამ დანაშაულებზე. ვიღაც გვეუბნება, რომ თუ გვარამიას და სააკაშვილის პარტიები არ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ანუ ეს ანტიევროპული ძალები, ევროპა არ ეღირსება ქვეყანასო. რა დონის ტყუილთან გვაქვს საქმე, უნდა ხვდებოდეთ. „ლელოს" რაც შეეხება, უშუალოდ ხაზარაძე ძარცვავდა ბიზნესს ამ ანტიევროპულ ძალასთან ერთად, შესაბამისად, „ლელოც" არის ამ ანტიევროპული პოლიტიკური ძალის გაგრძელება. რაც შეეხება გახარიას, მას აქვს შექმნილი კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში ამ ანტიევროპულ ძალასთან, გარდა ამისა, გარე დავალებებით, გახარია აკეთებდა ყველაფერს, რომ ხელოვნურად დაეპირისპირებინა ერთმანეთთან სახელმწიფო და მოქალაქეები, პოლიცია და ახალგაზრდები. ეს გააკეთა მან მესტიაში, პანკისში, „ბასიანის" კლუბში, 20 ივნისს, სხვა ფორმით კიდევ ჩორჩანაში. ამ აგენტურაზე გვესაუბრებიან, ამ დანაშაულებრივ, ანტიევროპულ ძალებზე, რომ თუ ანტიევროპული ხელისუფლება არ დაბრუნდება, არ გვეღირსება ევროპაო. ამ მასშტაბის ტყუილს ქართული საზოგადოება არ იყიდის", -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930