22-10-2024
ყველას მოვუწოდებ, ნუ დაარღვევენ საარჩევნო პრინციპებს და ისაუბრონ ობიექტურად იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ელჩის შეფასებები არაობიექტურია.
„ევროკავშირის ელჩის შეფასება არ არის ობიექტური და ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი ჩემთვის. როდესაც ასეთი არაობიექტური განცხადება უკავშირდება არჩევნებს, ეს არის შემაშფოთებელი. ეს არის ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა. როდესაც უცხოელი დიპლომატი აკეთებს არჩევნებთან დაკავშირებით პროპაგანდისტულ მოწოდებას, ეს არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა, ეს არის ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ყველას მოვუწოდებ, ნუ დაარღვევენ საარჩევნო პრინციპებს და ისაუბრონ ობიექტურად იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.