5-11-2024
პარლამენტის წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ოპოზიციისა და მათი უცხოელი პატრონების გეგმებს ეხმიანება.
„მე არ მგონია, მათ [ოპოზიციამ] იმდენი ხალხის მობილიზება შეძლონ, რომ რეალურად გადაიკეტოს გზები და მართლაც, რუსთაველის ან სხვა ქუჩების გადაკეტვის საჭიროება დადგეს,“ - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა და განმარტა, რომ ოპოზიციის გეგმა ახლა სატრანსპორტო კოლაფსის შექმნაა.
დეპუტატის თქმით, წაგებული არჩევნების გამო ოპოზიცია ახლა საკუთარ თავზეა გაბრაზებული, თუმცა საკუთარი თავის დადანაშაულება არ სურთ, სწორედ ამიტომ ისინი მმართველ გუნდს სდებენ ბრალს თავიანთ წარუმატებლობაში.
ეკა სეფაშვილი ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიასაც აფასებს.
მისი თქმით, ოპოზიციის მარცხის ერთ-ერთი მიზეზი მათი წინასაარჩევნო კამპანია იყო, რომელიც დეზინფორმაციასა და უცხოელების მიერ საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს ეფუძნებოდა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამომრჩეველს ეუბნებოდა - დაეჯერებინათ უცხოელებისთვის, რადგან მათ იციან რა სურს ქართველ ხალხს და როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა.
„კარვებით ქუჩებისა და სახელმწიფო შენობების მისასვლელების გადაკეტვის აკრძალვას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, თუმცა ეს ბევრი ქვეყნის პრაქტიკაშია, უსაფრთხოებიდან გამომდინარე. უსაფრთხოება არის ის ძირითადი რამ, რაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, მათ შორის, თავად მომიტინგეების უსაფრთხოებაც, თორემ მშვიდობიან აქციას არავინ ხელს არ უშლის. მაგრამ, ეს მშვიდობიანი აქციაც მიმართული უნდა იყოს, რაღაც კონკრეტული პრობლემის გარშემო, რომ მოსახლეობის მობილიზება მოახდინონ. ახლა ხელოვნურად ხდება გზების გადაკეტვა. მე არ მგონია, მათ [ოპოზიციამ] იმდენი ხალხის მობილიზება შეძლონ, რომ რეალურად გადაიკეტოს გზები და მართლაც, რუსთაველის ან სხვა ქუჩების გადაკეტვის საჭიროება დადგეს. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ქუჩაში შექმნან სატრანსპორტო კოლაფსი და ამით მართლა გააბრაზებენ ხალხს, ეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა. რეალურად ისინი [რადიკალური ოპოზიცია] გაბრაზებულები არიან, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საკუთარ თავზე, მაგრამ თავის თავს ხომ არ დაადანაშაულებენ, ამიტომ სხვას ადანაშაულებენ. პირველი ობიექტი, რომელიც მათ იპოვეს არის სახელისუფლებო პარტია, რომელმაც ბრწყინვალედ ჩაატარა როგორც წინასაარჩევნო კამპანია, ასევე საარჩევნო პროცესი და მიიღო უპირობო გამარჯვება ქართველი ხალხის მხარდაჭერით, რომელმაც გამოიტანა ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება - ქვეყანა არ ჩართო ომში.
ეს იყო რეფერენდუმი მშვიდობასა და ომს შორის და ჩვენ შევძელით, ამომრჩევლამდე ძალიან კარგად მიგვეტანა ჩვენი ეს გზავნილი. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ამ წაგების ერთ-ერთი მიზეზი მათი წინასაარჩევნო კამპანია იყო, რომელიც მიმდინარეობდა მხოლოდ და მხოლოდ უცხოელების დახმარებით, სხვა საარჩევნო კამპანია მათ არ უწარმოებით. არ გასულან რეგიონებში, არ გასაუბრებიან ხალხს, ერთადერთი, რაც მათ გამოიყენეს უცხოელი დამკვეთებისა და პატრონების მიერ საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებები იყო. რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია ასევე მოიცავდა მათთან აფილირებული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას. არჩევნების დღესაც კი, მათ მოატყუეს ხალხი - ჩვენ გავიმარჯვეთო და ჩვენი ბევრი მომხრეც შეიყვანეს შეცდომაში, სანამ ცესკოს მონაცემები არ გამოქვეყნდა. ოპოზიცია ეუბნებოდა ხალხს - თქვენ არ იცით რა უნდა გადაწყვიტოთ, ჩვენ ვერაფერ ახალს ვერ გეტყვით და აი, უცხოელები როგორც იტყვიან ისე მოიქეცით, რადგან მათ უკეთესად იციან, რა გინდათ და ჩვენი ქვეყანა როგორ უნდა განვითარდესო - ეს იყო მათი ლოზუნგი. ცხადია, ამომრჩევლის ძალიან დიდი რაოდენობა არ გაჰყვა მათ მოწოდებას,“ - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.