გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საზოგადოება „ქართული“ - მთავრობამ საზოგადოებასთან ერთად უნდა უზრუნველყოს უცხოეთიდან მართული პარტიების პოლიტიკური არენიდან გაძევება, რათა ქვეყანა მუდმივი რყევის რეჟიმში არ დარჩეს

20-11-2024

„კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისთვის“, ისევე როგორც ქართველი ბოლშევიკებისთვის, ძალაუფლების წყარო და ლეგიტიმაციის მიმცემი არის არა ქართველი ხალხი, არამედ უცხოეთი. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა 18 ნოემბერს, როდესაც ცნობილი გახდა ევროკავშირისთვის გაგზავნილი საიდუმლო წერილის შინაარსი“, – ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


განცხადების თანახმად, „რასაც დღეს დესტრუქციული ოპოზიცია აკეთებს, წვეთი წყალივით ჰგავს საუკუნის წინანდელი ქართველი ბოლშევიკების ქცევას“.


„საზოგადოება ქართული 8 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ გარედან მართული ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში წარმოადგენს ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის დესტრუქციის მთავარ წყაროს. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა 18 ნოემბერს, როდესაც ცნობილი გახდა ევროკავშირისთვის გაგზავნილი საიდუმლო წერილის შინაარსი, რომელსაც ხელს აწერს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ოთხეული: „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, ხაზარაძის და გახარიას პარტიები. წერილში ოპოზიციონერები ითხოვენ თბილისთან ოფიციალური კომუნიკაციის შეჩერებას, საქართველოსთვის ფინანსური ტრანშების გაყინვას, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გაუქმებას და მკაფიო განცხადებას, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია შეჩერებულია. დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტია ისიც, რომ პირისპირ შეხვედრებისას, ოპოზიციის თუ მილიონერი „ენჯეოების“ წარმომადგენლები დასავლელ პატრონებს პირდაპირ სთხოვენ ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას და ოპონენტების პერსონალურ სანქცირებას.


საქართველოს ისტორიაში მეტროპოლიასთან მაბეზღრობის სენი არახალია. წარსულშიც და ახლაც ხელწერა, სტილი და სულისკვეთება მსგავსია, რადგან საქმე გვაქვს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მავნებლობასთან. შორს რომ არ წავიდეთ, ის, რასაც აკეთებს დღეს დესტრუქციული ოპოზიცია, წვეთი წყალივით ჰგავს საუკუნის წინანდელი ქართველი ბოლშევიკების ქცევას. უფრო მეტიც, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ბოლშევიკური სული და სერგო ორჯონიკიძის მოღალატეობრივი იდეოლოგია დამოუკიდებელ საქართველოში ნეოლიბერალიზმის, როგორც ნეობოლშევიზმის ნაირსახეობის ფორმით დაბრუნდა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რუსული წითელი დროშის მაგივრად, ესენი ევროკავშირის ცისფერ დროშას აფრიალებენ, ანონიმურ „დანოსებს“ ბრიუსელში აგზავნიან და არა მოსკოვში, საქართველოს საკითხის „შესასწავლად“ ცეკას სპეცკომისიის ნაცვლად, ევროკავშირის „ტექნიკურ“ მისიას ითხოვენ.


ბევრი სხვა მსგავსებაცაა: ქართველი ბოლშევიკების დარად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელდასხმას ელოდება არა ქართველი ხალხისგან, არამედ უცხოეთიდან, როგორც სსრკ-ს დროს, როცა საქართველოში წამყვანი თანამდებობრივი გადაადგილება მოსკოვში მტკიცდებოდა. რადიკალებისთვისაც მთავარია არა ეროვნული ინტერესები, არამედ მათი უცხოელი პატრონების ნება. ამიტომაა, რომ ისინი, მიუხედავად საქართველოსთვის შესაძლო გამანადგურებელი შედეგებისა, ითხოვდნენ და ითხოვენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და მეორე ფრონტის გახსნას. პირველი ქვეყნის ეკონომიკას ჩამოაქცევდა, მეორე კი ქართულ სახელმწიფოებრიობას ბოლოს მოუღებდა. რით განსხვავდება ეს სერგო ორჯონიკიძის ღალატისგან, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა დააკარგვინა და მისი ძირძველი ტერიტორიები გამიზნულად გააჩუქა? შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს „ნაციონალების“ უმძიმესი დანაშაული და გარე ძალების დავალებების შესრულება 2008 წელს, რასაც მოჰყვა ასობით ჩვენი ჯარისკაცის სიკვდილი, ათასობით დევნილი და რაც მთავარია, საკუთარ მიწაზე შეგნებულად, კიდევ ერთხელ მტრად ქცეული ოსი და აფხაზი დები და ძმები“, – ნათქვამია საზოგადოება „ქართულის“ განცხადებაში.


განცხადების მიხედვით, 2008 წლის ომთან დაკავშირებულ საქმეზე წინა ხელისუფლების დამნაშავე პირთა გამოვლენა და დასჯა უნდა მოხდეს.


„მიგვაჩნია, რომ ახალმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ამ საქმეზე წინა ხელისუფლების დამნაშავე პირთა გამოვლენა და დასჯა. ბოლშევიკებიც უცხოეთიდან ფინანსდებოდნენ, ისე როგორც დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია და, ეს ფული ხმარდებოდა და ხმარდება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციას.


დღევანდელი ჯაშუში ოპოზიციის თუ მათთან ალიანსში მყოფი ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებისა, თუ უმცირესობაში მყოფი „კოლაბორაციონისტი ინტელიგენციის“ საიდუმლო „დანოსებმა“, თუ ღია მიმართვებმა და დასავლეთის დედაქალაქებში საქართველოს დასანქცირებაზე თხოვნა-ვედრებებმა, როგორ შეიძლება, არ გაგვახსენოს მათი წინაპარი ბოლშევიკების „ანალოგები“, რომლებიც მოსკოვში საკუთარ ხალხს აბეზღებდნენ, მათ წინააღმდეგ რეპრესიებსა და დასახვრეტთა კვოტების გაზრდას ითხოვდნენ. ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობისათვის, ისევე როგორც ქართველი ბოლშევიკებისთვის ძალაუფლების წყარო და ლეგიტიმაციის მიმცემი არის არა ქართველი ხალხი, არამედ უცხოეთი.


ამიტომაა მათთვის პრიორიტეტი უცხოეთის ინტერესები და მათი მხარდაჭერით ქართული სახელმწიფოს მუდმივი რყევა, ძალადობრივი გადატრიალების მცდელობები. ეს მათი ხელწერაა, ქართველი ბოლშევიკებისგან მემკვიდრეობით მიღებული. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მაშინ სხვა გეოპოლიტიკა იყო და სხვა სუზერენი, უბრალოდ, ახლა ვექტორი ჩრდილოეთიდან დასავლეთისკენ შეიცვალა. ფაქტია, რომ კოლექტიური ღალატის ამ აქტში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისა და დასავლური ნეოლიბერალური ბიუროკრატიის მთავარი დამაკავშირებელი რგოლია. ამას ნათლად ადასტურებს ზურაბიშვილის მიერ 18 ნოემბერს გაკეთებული მავნებლური განცხადებები. პრეზიდენტი ჯერ საზოგადოებას „ღრმა და საშიში კრიზისით“ დაემუქრა, შემდეგ კი თქვა, რომ „საერთაშორისო გამოძიება“ უნდა ჩატარდეს და შემდეგ ახალი არჩევნები.


ამ ყველაფრის დასრულებამდე კი უნდა შენარჩუნდეს 26 ოქტომბრამდე არსებული სიტუაცია, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეინარჩუნოს პრეზიდენტის თანამდებობა. ზურაბიშვილმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ამას „დასავლელი პარტნიორები“ დათანხმდებიან. ერთი სიტყვით, სალომე ზურაბიშვილისა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლოგიკით, მათი უცხოელი პატრონებისთვის ქართველი ხალხის არჩევანი თუ მიუღებელია, უარი უნდა ვთქვათ სუვერენიტეტზე, კონსტიტუციაზე, სტაბილურობაზე, თუ ეკონომიკურ განვითარებაზე და დაუსრულებლად ვატაროთ ახალი არჩევნები, ვიდრე ხელისუფლებაში არ მოვლენ გლობალური ომის პარტიის ჯაშუში ევრობიუროკრატიის მიერ მართული მინი ჯაშუშები, სააკაშვილები, გვარამიები, ხაზარაძეები და გახარიები. პრეზიდენტი, რომელიც ბოიკოტს უცხადებს საკუთარი ხალხის ნებას და მათ უცხოური ძალებით ემუქრება, თავად ამბობს უარს მინიმალურ ლეგიტიმაციაზეც კი და „საპატიო“ ადგილს იკავებს დღევანდელი ოპოზიციის „შულავერის კომიტეტის“ გალერეაში“, – ნათქვამია განცხადებაში.


როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ახალმა მთავრობამ, რომელსაც მალე აირჩევს ახალი მოწვევის პარლამენტი, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, უნდა უზრუნველყოს უცხოეთიდან მართული და გარედან დაფინანსებული პარტიების პოლიტიკური არენიდან გაძევება, რათა ქვეყანა არ დარჩეს მუდმივი რყევისა და ხელოვნური დესტაბილიზაციის რეჟიმში“.


„საბედნიეროდ, ჩვენ მარტონი არ ვართ სუვერენიტეტის, იდენტობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვისთვის გლობალურად მიმდინარე ომში. ჩვენი მოკავშირეები, პირველ რიგში, დასავლეთის ის ჯანსაღი კონსერვატიული, თუ ლიბერალური ძალები არიან, რომლებიც დღეს ეპოქალურ ცვლილებებს ახდენენ და უმცირესობის ტოტალიტარულ ნეოლიბერალურ იდეოლოგიას ისტორიის არენიდან ისტუმრებენ. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ისტორიული მოვლენაა მსოფლიოსა და ჩვენთვისაც. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკელი ხალხისთვის, ისე როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილისთვის, მიუღებელია უსამშობლობა, ყალბი ნარატივების თავსმოხვევა, ადამიანის უფლებების დაცვის საფარქვეშ ნეოლიბერალური ფაშიზმის დამკვიდრება და უმცირესობის მიერ უმრავლესობის მართვის მცდელობა. დღეს ევროპაც ასეთი ცვლილებების ზღვარზეა და, დარწმუნებული ვართ, შეერთებული შტატებივით, ტრადიციული ევროპაც მსოფლიო პოლიტიკაში მალე გადამწყვეტი პოზიტიური ძალა გახდება. ეს ცვლილებები კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ევროპა სრულად მოიკვეთს და განდევნის გლობალური ომის პარტიის ჯაშუშებს – ევრობიუროკრატებს, რომლებსაც ეგრეთ წოდებული „დიფ სთეითი“ საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროგაერთიანებას“, – ნათქვამია საზოგადოება „ქართულის“ განცხადებაში.

ამასთან, საზოგადოება „ქართული“ ტელეკომპანია „იმედს“ მხარდაჭერას უცხადებს.


„ბოლოს, გვინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას, რომელთაც დღეს მუშაობა უწევთ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გენერირებული და მათი პატრონების მიერ წახალისებული სიძულვილის ატმოსფეროს, აღვირახსნილი ძალადობის პირობებში. ახალი, მართალი და სანდო ამბები არის აქ, „იმედზე“. ჩვენი უპირობო სოლიდარობა ტელეკომპანია „იმედს“, – ნათქვამია საზოგადოება „ქართულის“ განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930