1-12-2024
ნებისმიერ სამართალდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ვერც ის პოლიტიკოსები, რომლებიც თვითონ ოფისებში იმალებიან და მათი ძალადობრივი დაჯგუფებების წევრებს მძიმე სასჯელისთვის წირავენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველამ დაინახა, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი" ვერ შედგება, გუშინდელი დღე კი იყო საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის დასასრულის დასაწყისი.
„მინდა ყველას მოვუწოდო სიმშვიდისა და კანონის დაცვისკენ. ყველას შევახსენებ, რომ ნებისმიერ სამართალდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი. პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ვერც ის პოლიტიკოსები, რომლებიც თვითონ ოფისებში იმალებიან და მათი ძალადობრივი დაჯგუფებების წევრებს მძიმე სასჯელისთვის წირავენ.
აქვე, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის და პირადად, ჩემთვის, ძვირფასია საქართველოს თითოეული მოქალაქე, განსაკუთრებით ის მოქალაქეები, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილი და გულწრფელად აპროტესტებენ იმას, რაც ბუნებაში არ მომხდარა. კიდევ ერთხელ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა. ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვთქვით უარი, არის სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, რომელიც სწორედ რომ პრინციპულ დაბრკოლებას უქმნიდა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.