გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა კვიჟინაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ევროპული გზა, მაგრამ არ გავხდეთ დიდი ქვეყნების ინტერესების მსხვერპლი

1-12-2024

„დასავლეთს პოლიტიკური გავლენებისა და ძალაუფლების დაკარგვაზე მეტად ეშინია დოლარისა და ევროს, როგორც მსოფლიო ვალუტის ჩანაცვლების, რაც მათი სიმდიდრის და ძალაუფლების მთავარი წყაროა და რასაც ტრამპიც ხშირად აღნიშნავს და დღესაც განაცხადა, ამიტომ ორივე მხარე ემზადება ხანგრძლივი დაპირისპირებისათვის,”- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე წერს.


კვიჟინაძის თქმით, საქართველოს პროდასავლური ხელისუფლება ჰყავს, მაგრამ ამავდროულად ეროვნული, რომელსაც არ სურს უკრაინის მსგავსად გამოიყენონ და მუდმივი დაძაბულობის წყარო იყოს რუსეთთან.


მისივე თქმით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ევროპული გზა, მაგრამ არ გავხდეთ დიდი ქვეყნების ინტერესების მსხვერპლი.


„როგორც ადრე ვწერდი, სულ რამდენიმე წლის წინ დასავლეთი იყო უპირობო ლიდერი მსოფლიოში და მათი წესებით იმართებოდა სამყარო. მათ გაეპარათ რუსეთისა და ჩინეთის გაძლიერება, რომლებმაც სხვა ქვეყნებთან ერთად (ძირითადად ბრიქსის წევრი სახელმწიფოები) ღიად განაცხადეს, რომ აღარ ემორჩილებიან არსებულ წესებს, თვითონ უნდა იყვნენ ლიდერები და შექმნან მართვის ახალი სისტემა, რაც კატასტროფა იქნება დასავლეთისთვის.


დასავლეთს პოლიტიკური გავლენებისა და ძალაუფლების დაკარგვაზე მეტად ეშინია დოლარისა და ევროს, როგორც მსოფლიო ვალუტის ჩანაცვლების, რაც მათი სიმდიდრის და ძალაუფლების მთავარი წყაროა და რასაც ტრამპიც ხშირად აღნიშნავს და დღესაც განაცხადა, ამიტომ ორივე მხარე ემზადება ხანგრძლივი დაპირისპირებისათვის.


უკრაინის ომით რუსეთის დასუსტების გეგმამ არ იმუშავა. ამ ფონზე, სწორედ უკრაინასა და საქართველოს, როგორც საზღვრისპირა ქვეყნებს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შეგახსენებთ, რომ მოლდოვას და სომხეთს რუსეთთან საზღვარი არ აქვთ, აზერბაიჯანში კი დასავლეთს პრაქტიკულად არ გააჩნია ზემოქმედების ბერკეტები, იგივე არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, რომ ხელისუფლება შეცვალოს.


რაც შეეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ისინი ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან და ყველანაირად ცდილობენ ეს დაძაბულობა უკრაინასა და საქართველოში გადმოიტანონ.


რაც შეეხება საქართველოს. მას აბსოლუტურად პროდასავლური ხელისუფლება ჰყავს, მაგრამ ამავდროულად ეროვნული, რომელსაც არ სურს უკრაინის მსგავსად გამოიყენონ და მუდმივი დაძაბულობის წყარო იყოს რუსეთთან. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამით უდიდესი ზიანი ადგება ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების, უსაფრთხოების სისტემის შექნის და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას. დაპირისპირების შემთხვევაში კი, როგორც უკრაინის მაგალითმა აჩვენა, დღეს უკვე საუბარი აღარ არის აღარც ტერიტორიების დაბრუნებაზე და არც ნატოში მიღებაზე, რასაც ზელენსკის ბოლო განცხადებაც მოწმობს. რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა ნიშნავს იაფ ნედლეულს, მათ შორის ენერგომატარებლებს, მარცვლეულს და ა.შ, გასაღების დიდ ბაზარს, სადაც ჩვენს პროდუქციას იცნობენ. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ევროპული გზა, მაგრამ არ გავხდეთ დიდი ქვეყნების ინტერესების მსხვერპლი. სწორედ ამის გათვალისწინებით უნდა განვიხილოთ მიმდინარე პროცესები. რატომ არიან ასე მონდომებულები და უკვე დაუფარავად ცდილობენ შეცვალონ არსებული ხელისუფლება და ჩაანაცვლონ სააკაშვილის, სანდუს, ზელენსკის ტიპის მარიონეტული რეჟიმით.


ეს არის დაუშვებელი საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის და ჩვენი ხალხი და ხელისუფლება ამას არ დაუშვებს,”- წერს პაატა კვიჟინაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031