გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის წერილი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არჩევნები აღიარებულია, არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და ყველა სპეკულაცია საფუძველს მოკლებულია

2-12-2024

დღეს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ბატონმა პასკალ ალიზარდმა მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს შემდეგი შინაარსის წერილით - საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ მოგმართავთ ჩვენს სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ამ არჩევნების სათანადოდ შეფასება და აღიარება.


„ეუთო/ოდირი არის ოპოზიციის მხრიდან განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი. ეს თავდასხმა დაიწყო ჯერ კიდევ არჩევნების ჩატარებამდე და გრძელდება არჩევნების ჩატარების შემდეგ. მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეუთო/ოდირმა, რომელიც არის მთავარი სადამკვირვებლო მისია, რომელიც აკვირდებოდა ჩვენს საპარლამენტო არჩევნებს, ეს არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტული. ამ თავდასხმების ფონზე განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ დღეს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ბატონმა პასკალ ალიზარდმა მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს შემდეგი შინაარსის წერილით - საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ მოგმართავთ ჩვენს სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ამ არჩევნების სათანადოდ შეფასება და აღიარება. რაც შეეხება არჩევნების შეფასებას, ამაზეც არის საუბარი, კიდევ ერთხელ, ამ წერილში საუბარია იმაზე, რომ არჩევნებმა მოქალაქეებს ფართო არჩევანი შესთავაზა, არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული, კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება. კიდევ ერთხელ არის ხაზგასმა იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ პირობებში.


ასევე აქ საუბარია გარკვეულ კრიტიკულ შენიშვნებზე. ასეთი ტერმინია გამოყენებული, გარკვეული კრიტიკული შენიშვნები და ჩამონათვალია ასეთი, ამომრჩეველზე ზეწოლასა და ფინანსურ უთანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები, ქალთა არასათანადო წარმომადგენლობა პარტიულ სიებში და სხვა. თემა რაც ჰქონდათ მთავარი ოპოზიციის წარმომადგენლებს იყო ე.წ. გაჟონვის თემა. ეს საკითხი საერთოდ არ არის ნახსენები ამ წერილში გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად, ეს საკითხი საერთოდ არ იყო აქტუალური. ეს წერილი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არჩევნები არის აღიარებული, არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და ყველა სპეკულაცია არის საფუძველს მოკლებული. მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად ეუთო/ოდირს, ეუთოს სადამკვირვებლო მისია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მისიას, არჩევნებზე დაკვირვებისთვის და მათი ობიექტური შეფასებისთვის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031