3-12-2024
ამ დღეების განმავლობაში, ამ ადამიანებმა ოპოზიციის რიგებიდან ყველა ის მეთოდი გამოიყენეს, რაც იყო მათი ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნისას, მათ შორის, ადამიანის ღირსების ხელყოფა, ფიზიკური ძალადობა, საჯარო სამსახურის, განათლების სისტემის პოლიტიზების მცდელობა, ბიზნესზე ზეწოლა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების საფუძველზე რომ ისინი მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, ეს ყველაფერი მოხდებოდა სრულიად სხვა მასშტაბებით.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს, რომ აირჩია არა ადამიანის ღირსების ხელყოფა, წამება და მკვლელობა, არამედ ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება.
„ხედავდით, როგორ მოქმედებდნენ ეს ადმიანები ადამიანების ღირსების წინააღმდეგ, ეს იყო ფიზიკური ძალადობა, როგორც იყენებდნენ ამ მეთოდს ხელისუფლებაში ყოფნისას, ასევე მიმართავდნენ ამ მეთოდს ამ დღეები განმავლობაში უკვე ოპოზიციის რიგებიდან. ეს არის საჯარო სამსახურის პოლიტიზების მცდელობა. გახსოვთ, თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული იყო საჯარო სამსახური მათი ხელისუფლებაში ყოფნისას. ახლა უკვე ცდილობენ ოპოზიციის რიგებიდან საჯარო სამსახურის პოლიტიზებას. ვნახეთ განათლების სისტემის პოლიტიზების მცდელობა, თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული იყო, როგორც სასკოლო ნაწილში, ისე უმაღლესი განათლების სფეროში სისტემა მათი ხელისუფლებაში ყოფნისას. დღეს ისინი ცდილობდნენ ოპოზიციის რიგებიდან განათლების სისტემის პოლიტიზებას. ვნახეთ ტელევიზიაში შეჭრა. ეს იყო მათი ერთ-ერთი ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნისას. რამდენ ტელევიზიაში შეიჭრნენ, რამდენ ტელევიზიას დაეპატრონენ ისინი უკანონოდ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ახლა ისინი უკვე ტელევიზიაში შეჭრას ცდილობდნენ ოპოზიციის რიგებიდან. ვნახეთ ბიზნესზე ზეწოლა, გაუგონარი ლიბერალურ-ფაშისტური ზეწოლა ხორციელდებოდა ბიზნესმენებზე ამ დღეების განმავლობაში და ბოლოს ეს იყო ომის იმიტაცია. ხედავდით, როგორი კადრები ვრცელდებოდა და ძალიან დიდი აჟიოტაჟით ავრცელებდა „ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებული მედია ამ კადრებს, როდესაც კონკრეტული მომიტინგეები ტყვიამფრქვევივით ისროდნენ პიროტექნიკას პოლიციელების წინააღმდეგ და ამ ომის იმიტაციით აჟიტირებული იყო სრულიად „ნაცმოძრაობა", სრულიად „ნაცმედია". ეს აჩენს მათ სახეს. ისინი რომ დაბრუნებულიყვნენ ხელისუფლებაში 26 ოქტომბრის არჩევნების საფუძველზე, ეს ყველაფერი მოხდებოდა უკვე სრულიად სხვა მასშტაბებით, რაც ჩამოვთვალე, ეს იყო - ადამიანის ღირსების ხელყოფა, წამება, მკვლელობა, ეს იყო მათი ხელწერა. საჯარო სამსახური გახდებოდა სრულიად პოლიტიზებული, განათლების სისტემა, ტელევიზიების მიტაცების ახალი ტალღა გვექნებოდა ქვეყანაში, ბიზნესის რეკეტი და ომის იმიტაციის მაგივრად ჩვენ გვექნებოდა ომი ქვეყანაში, თუმცა, მადლობა ღმერთს, გამოვიდა არჩევნებზე 1 120 000 ადამიანი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს არა ამ ყველაფერს, არამედ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას,"- განაცხადა პრემიერმა.