5-12-2024
''მსურს ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც შექმნა უმტკიცესი საფუძველი საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობისთვის და დღემდე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება. ევროკავშირს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, შესაბამისად განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს" - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც მიმართულია ევროპული ინტეგრაციისკენ, ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და აქტიურად გამოიყენება ქვეყნის შიგნით პოლარიზაციის გასაღრმავებლად, რაც დამატებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევებისა, საქართველომ მოახერხა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და ეკონომიკური თუ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით თვალსაჩინო პროგრესის მიღწევა, რაც დასტურდება საერთაშორისო რეიტინგებით და ანგარიშებით.
საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ეუთო/ოდირს საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგისთვის.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 2 მილიონმა მოქალაქემ, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებლის თანდასწრებით დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, არ წყდება სპეკულაციები არჩევნებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად გამოიყენება.
''მოველით, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა დაეფუძნება ობიექტურ შეფასებებს და შესაძლებლობას მოგვცემს გავაგრძელოთ თანამშრომლობა რეკომენდაციების შესრულების მიზნით." - აღნიშნა მინისტრმა.