გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მუშაობა თავის რეჟიმში, უნდა გააგრძელოს იმ ამოცანების შესრულება, რაც თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

20-01-2025

„ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დღეს საზოგადოებამ უფრო მეტად ორიენტირება გავაკეთოთ იმ მიმდინარე ამოცანების შესრულებაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანა იყოს წარმატებული რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში. მათ შორის, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური საქმიანობა და ეკონომიკური სტაბილურობა", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებისას.


ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე პროცესების შესაბამისად, მთავრობას ეკონომიკის განვითარების სცენარის რამდენიმე ვერსია აქვს, მათ შორის საბაზო სცენარი ეკონომიკის 6%-იან ზრდას ითვალისწინებს. ამასთან, მისი თქმით, არსებობს გარკვეული უარყოფითი სცენარიც, რომელიც საბაზო სცენარიდან

მცირე გადახვევას გულისხმობს - თუმცა, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 3%-ზე მაღალი მაინც იქნება.


„ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური სცენარიც, რომელიც 6%-ზე უფრო მაღალ ზრდას მოიაზრებს. ღიად ვამბობ, რომ ჩვენ სხვადასხვა სცენარს განვიხილავთ, მათ შორის უარყოფითსაც, თუმცა, აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი მოლოდინია, რომ მინიმუმ საბაზო სცენარის გარშემო გვექნება ეკონომიკური ზრდა. მათ შორის, ამაზე იქიდან გამომდინარე ვსაუბრობთ, რომ ჩვენი, მთავრობის გუნდის განწყობა და მოლოდინებიც არის, რომ პოლიტიკური ვითარება უნდა განიმუხტოს, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე ბევრი რამ შეიცვლება და ეს ყველაფერი, წესით, შეიძლება გადაითარგმნოს პირიქით - უფრო დადებით, პოზიტიურ სცენარში. აქედან გამომდინარე, ჩვენ შემართებით ვაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


პირველმა ვიცე-პრემიერმა, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარების შესაძლებლობებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პირდაპირ მოქმედებს საერთაშორისო პროცესები. ლევან დავითაშვილის პროგნოზით, საერთაშორისო მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება საქართველოს სტრატეგიულ და მნიშვნელოვან პარტნიორებთან და ეს უნდა იყოს ძირითადი წინაპირობა იმისთვის, რომ მათ შორის ზემოქმედება მოხდეს ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებზეც. რაც შეეხება საპროტესტო აქციების მოთხოვნას ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, მისი აზრით, ეს მოთხოვნა საფუძველსმოკლებულია უკვე ჩატარებული არჩევნების ფონზე.


„არც დავიწყებ საპროტესტო აქციების მოთხოვნების შეფასებას, ამაზე ჩემი პოზიცია ძალიან გასაგებია - დღეს როგორ უნდა ვსაუბრობდეთ რაიმე ტიპის არჩევნებზე? არჩევნები ჩატარდა, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მუშაობა თავის რეჟიმში, უნდა გააგრძელოს იმ ამოცანების შესრულება, რაც თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნის, საზოგადოების და პიროვნებებისთვის. რაც შეეხება დემოკრატიულ პროცესებს - ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, მიმდინარე წელს გვექნება ადგილობრივი არჩევნები და თუ ქვეყანაში რაიმე კითხვა არსებობს პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით, მიმდინარე წელს ეს შეიძლება ძალიან მარტივად გაირკვეს. აქედან გამომდინარე, საფუძველს მოკლებული და გარკვეულწილად ზედაპირულიც მგონია ასეთი მოთხოვნების დაყენება. ამიტომ ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დღეს საზოგადოებამ უფრო მეტად ორიენტირება გავაკეთოთ იმ მიმდინარე ამოცანების შესრულებაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანა იყოს წარმატებული რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობა და ეკონომიკური სტაბილურობა. ლევან დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ ბიზნესი ძირითადად რაციონალურად აღიქვამს ხელისუფლების პოზიციას და თავადაც ასეთივე რაციონალური პოზიცია ექნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031