გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი სანქციებზე: საქართველოში ამ სანქციებს საპირისპირო ეფექტი აქვს, რადგან მოსახლეობამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედია, იმ გმირების მემკვიდრე, რომლებმაც ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში ქვეყანა გადაარჩინეს

18-02-2025

საქართველოში ამ სანქციებს საპირისპირო ეფექტი აქვს, რადგან მოსახლეობამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედია, იმ გმირების მემკვიდრე, რომლებმაც საქართველოს ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში ქვეყანა გადაარჩინეს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ფრანგულ Radio Courtoisie-თან ინტერვიუში.


ჟურნალისტმა მას ჰკითხა: „გავიხსენოთ ასევე ის ზომები, რომლებიც აშშ-ის ხაზინამ მიიღო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის აქტივების წინააღმდეგ, რომელსაც მისი მოწინააღმდეგეები ადანაშაულებენ კრემლთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნებაში“.


„სჯობს, გავიხსენოთ მისი მოღვაწეობა როგორც მეცენატის, რომელიც თავის ქვეყანას კულტურული მემკვიდრეობის, განათლების, ეკონომიკისა და სპორტის სფეროებში უჭერს მხარს. მან 1 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. ციფრები ოფიციალურად ცნობილია და ყველასთვის ხელმისაწვდომია.


საქართველოში ამ სანქციებს საპირისპირო ეფექტი აქვს, რადგან მოსახლეობამ იცის, რომ ის ქველმოქმედია, იმ გმირი ფიგურების მემკვიდრე, რომლებმაც საქართველოს ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში ქვეყანა გადაარჩინეს. ის შთააგონებს ხალხს. რაც შეეხება ყოველდღიურ აქციებს - რას აპროტესტებენ ეს ახალგაზრდები, ჩემი შვილების თაობის წარმომადგენლები? ჩემი აზრით, ისინი შეცდომაში არიან შეყვანილნი. რატომ ვაყენებ ამ ჰიპოთეზას? იმიტომ, რომ არჩევნებში დაახლოებით 18 პარტია მონაწილეობდა. ყველა მათგანის, ვინც 5%-იან ბარიერს უახლოვდებოდა, შედეგები დიდწილად ემთხვეოდა წინასწარ ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებს. ჩვენი ჟურნალისტებიც აკვირდებოდნენ პროცესს. აღინიშნა, რომ არჩევნებამდე ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქებდნენ გამოყენებულ ტექნოლოგიებს და აცხადებდნენ, რომ შედეგების გაყალბება შეუძლებელი იქნებოდა. არჩევნებზე 2.2 მილიონი ამომრჩეველი მივიდა, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ საუკეთესო კამპანია ჩაატარა, ალბათ იმიტომ, რომ პარტიას ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა ამომრჩევლებთან“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728