3-11-2018
სანამ საქართველო საპრეზიდენტო არჩევნების II ტურისთვის ემზადება, სამშობლოდან განდევნილი მიხეილ სააკაშვილი თავისი მოკავშირის გრიგოლ ვაშაძის სავარაუდო გამარჯვების მოლოდინშია და თუ მართლაც ასე მოხდება, ექს-პრეზიდენტს შეიძლება საქართველოში დაბრუნების შანსი გაუჩნდეს.
გრიგოლ ვაშაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებულ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, მიღებული ხმების 37,7%-ით არჩევნების მეორე ტურში გავიდა და მცირედით ჩამოუვარდება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს. გრიგოლ ვაშაძეს არაერთხელ განუცხადებია, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი მიხეილ სააკაშვილს ამნისტაიას გამოუცხადებს (შეიწყალებს), თუმცა თვითონ ექს-პრეზიდენტი ამბობს, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს. პიროვნება, რომელსაც მოქალაქეობა არ აქვს და პერსონა ნონ-გრატად“ არის გამოცხადებული საქართველოსა და უკრაინაში, მაინც დარწმუნებულია, რომ მისი პოლიტიკური კარიერა ჯერ დამთავრებული არ არის.
Euronews-ს შესაძლებლობა მიეცა ნიდერლანდებში მყოფი შერისხული პოლიტიკოსისთვის რამდენიმე კითხვა დაესვა.
- აქვს თუ არა გრიგოლ ვაშაძეს არჩევნებში გამარჯვების შანსი?
- ჩემმა პარტიამ არჩევნები მოიგო. ჩვენ ლიდერები ვართ. სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, რომლებიც ჩვენ მხარს გვიჭერენ, ხმების 60%-ს ვაგროვებთ. ასე რომ, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების ყველა შანსი გვაქვს. ამით მე ძლიერი პოზიცია მაქვს, რადგან მე პარტიის თავმჯდომარე ვარ. „ნაციონალური მოძრაობა“ კოალიციაში მთავარი პარტიაა. ეს არჩევნები საქართველოში ჩემს დასაბრუნებლად არ ტარდება, ეს პრეზიდენტის არჩევნებია. მე უნიკალურ სიტუაციაში ვარ: ერთი მხრივ, ქართული პარტიის ლიდერი ვარ, მაგრამ მეორე მხრივ - ვარ უკრაინული პარტიის ლიდერიც, რომელიც, ბოლო გამოკითხვების შედეგად, უკრაინის პარლამენტში იქნება არჩეული. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ ჩემს სტატუსს - აპატრიდობას, მე ვარ მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც ორ სხვადასხვა სახელმწიფოში ორი საპარლამენტო პარტიის ლიდერია.
- თუ გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, სამშობლოში დაბრუნდებით?
- მე უკვე ვთქვი, რომ საქართველოში ყველა შემთხვევაში დავბრუნდები, რათა პოლიტიკურ პროცესების ნაწილი ვიყო. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს [საქართველოს პარლამენტში], მე არ მსურს რაიმე პოლიტიკური თანამდებობა. უბრალოდ, მინდა პროცესის ნაწილი ვიყო, მაგრამ ისე, რომ მასში სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ, რათა [მომავალ] მმართველ ძალას ფართო მხარდაჭერა ჰქონდეს. ეს აუცილებელია ქვეყანაში ნამდვილი ცვლილებებისათვის.
- ანუ თქვენ გსურთ მხოლოდ საქართველოში დაბრუნება და არა პოლიტიკაში?
- მე მაინც ქართული პოლიტიკის ნაწილი ვარ და ვიქნები. იმ შემთხვევაშიც, როცა ევროპაში ვცხოვრობ, მე ქართული ტელევიზიით თითქმის ყოველდღიურად გამოვდივარ, „სკაიპის“ მეშვეობით ვმონაწილეობ მიტინგებში - როგორც საქართველოში, ისე უკრაინაშიც. მე იმის თქმა მსურს, რომ უარს ვამბობ რომელიმე თანამდებობაზე ვიყო არჩეული. მე მინდა მხარი სხვა ადამიანებს დავუჭირო, რათა მნიშვნელოვანი პოსტები ახალმა სახეებმა დაიკავონ.
- პრეზიდენტად თუ წამოაყენებდით საკუთარ თავს?
- არა, ახლა არა. ჩვენ ძალიან ძლიერი კანდიდატი გვყავს, იგი ჩვენი თანამოაზრეა. ასევე გვყავს რეფორმატორთა ახალგაზრდა გუნდი, რომელმაც აქტიური მუშაობა ჯერ კიდევ ჩემი ხელმძღვანელობით დაიწყო. სანამ ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით, ბევრი ახალი ადამიანი შემოგვიერთდა. მე უფრო მათ დავეხმარები ახალ პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად.
- თქვენ დაუსწრებლად მოგისაჯეს პატიმრობა. ამნისტიის იმედი თუ გაქვთ?
- მეც და სხვებიც თვლიან, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო მოტივირებული. მთელი მსოფლიო ასე ამბობს, რუსეთის გარდა. მე თავისუფლად გადავაადგილდები, თავისუფლად ვხვდები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს და არავინ არ ახსენებს სასამართლოს განაჩენს. ყველა ხვდება, რომ საქმე შეთითხნილია. მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ ახალ პრეზიდენტისაგან ამნისტიას არ მოვითხოვ-მეთქი. რატომ? იმიტომ, რომ როგორც კი ახალი პრეზიდენტი იქნება არცეული, მართლმემსაჯულება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გავლენისაგან გათავისუფლდება. აი, მაშინ უკვე მექნება შესაძლებლობა თავისუფალი სასამართლოს წინაშე წარვსდგე. თუ ბიძინა ივანიშვილს პროცესზე გავლენა აღარ ექნება, მე იოლად გამამართლებენ. არ მინდა, რომ ხალხმა ისე იფიქროს, თითქოსდა ახალ პრეზიდენტს ერთადერთი მიზანი აქვს - როგორმე ნასამართლეობა მომიხსნას.
- დარწმუნებული ხართ, რომ პატიოსან სახელს აღიდგენთ?
- აბსოლუტურად და ზუსტად ვარ დარწმუნებული. დღეს პოლიტიკოსთა და ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მხარს იმ მოძრაობას უჭერს, რომელიც მე დავაარსე. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებებისა არ სჯერათ.
- თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოში ძალიან ბევრი პოლიტპატიმარი გაჩნდა. დარწმუნებული ხართ, რომ ისინი თქვენ თბილად შეგხვდებიან?
- სერიოზული ბრალდებები იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ბევრი პოლიპატიმარი გაჩნდაო, არ გაჟღერებულა. საერთოდ, საქართველო ძალიან კრიმინალიზებული იყო, ჩემი პრეზიდენტობის ეპოქაში კი ქვეყანა ევროპაში ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოდ იქცა. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ამას დამოუკიდებელი ექსპერტები ამბობენ.
რატომ უნდათ [ამომრჩევლებს] ჩემი საქართველოში დაბრუნება? ჰკითხეთ ქართველ ხალხს! აშკარაა, რომ მათ ცვლილებები სურთ: ისინი ხმას აძლევენ იმ პარტიას, რომელიც მე შევქმენი, ხმას აძლევენ იმ კოალიციას, რომლის ნაწილიც მე ვარ. ხმას აძლევენ ჩვენს რეფორმებს. მიუხედავად იმისა, რომ ახალმა მმართველმა ძალამ იძულებული გამხადა ჩემი ქვეყანა დამეტოვებინა, ხოლო ჩემი თანაგუნდელებიდან ბევრი ციხეში ჩასვეს, ჩვენ მაინც დავბრუნდით. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატია მუშაობს.
- ხალხს ეშინია, რომ თქვენი დაბრუნებით ისევ ადამიანის უფლებების დარღვევა დაიწყება...
- არ ვიცი, ამას ვინ ამბობს, მაგრამ მე საქართველო დემოკრატიულ ქვეყნად ვაქციე. სწორედ ამიტომ დაიწყო ჩვენთან ხელისუფლების დემოკრატიული გზით შენაცვალებადობა. არავის არ უთქვამს ჩემზე, რომ მე „ადამიანის უფლებების სერიოზული დამრღვევი“ ვარ. არც ის, რომ „ავტორიტარი პრეზიდენტი“ ვიყავი. ფაქტები სულ სხვა რამეს მოწმობენ: საქართველო წარმატებული ქვეყანაა. ჩვენ გავუძელით ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეზობელ რუისეტს ჩვენს წინააღმდეგ საინფორმაციო ომი ჰქონდა გაჩაღებული. რუსეთმა ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ თამაშიდან გავსულიყავი, მაგრამ მოსახლეობამ არ დაიჯერა. ამიტომაც ევროპაში მშვიდად ვცხოვრობ.
- თუ თქვენ საქართველოში დაბრუნდებით, საზოგადოება ორ ნაწილად არ გაიყოფა? და განა ეს რუსეთისთვის მომგებიანი არ იქნება?
- რუსეთი სწორედ ამით აშანტაჟებს საქართველოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას, ეს აშკარად ჩანს: მაგალითად, ქართული დამოუკიდებელი ტელეარხის საიტზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა. რიგი გარემოებები რუსულ კვალზე მიანიშნებს. გარდა ამისა, ელექტრონული ფოსტა გამიტეხეს და ჩემს სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ. ეს ნამდვილად არ იყო ქართული სპეცსამსახურების ნამოქმედარი.
რუსეთის ტელევიზიაში დიდი კამპანია მიმდინარეობს როგორც ჩემს წინააღმდეგ, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგაც. რუსი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ისინი არ დაუშვებენ ჩემს დაბრუნებას საქართველოში. რუსეთი დიდი ქვეყანაა, მაგრამ მოსკოვი არ უნდა ახდენდეს გავლენას ჩვენს დემოკრატიაზე.
- თქვენ მხარს უჭერთ საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან და ნატოსთან?
- ეს საქართველოს განვითარებისათვის ერთადერთი გზაა - გახდეს ევროპული სახელმწიფო, იყოს თავისუფალი, ლიბერალური და დემოკრატიული საზოგადოების მქონე ქვეყანა. ყველა სხვა გზას ეროვნულ კატასტროფისაკენ მივყავართ.
- Facebook-ის თქვენს გვერდზე განთავსებულია ლოზუნგი „კვლავ გადავაქციოთ საქართველო დიად სახელმწიფოდ“. დონალდ ტრამპით ხარ აღტაცებული?
- ეს ნახევრად ხუმრობაა. როცა დონალდ ტრამპი ბიზნესმენი იყო, მან თქვა, რომ ჩემით აღატაცებულია და „მსოფლიოს ერთ-ერთი გამოჩენილი ლიდერი“ მიწოდა. მან ისიც აღნიშნა, რომ ქართული საგადასახადო კანონის ასლს გადავიღებო და მართლაც ასე გააკეთა. ჰოდა, მე რატომ არ შემიძლია ხუმრობით მისი ლოზუნგის ასლი გადმოვიღო? რასაკვირველია, ეს ჩემი პარტიის ლოზუნგი არ არის. ისიც ცხადია, რომ ყოფოველ პოლიტიკოსს თავისი ხალხის, თავისი ქვეყნის დიად ქვეყნად გადაქცევა სურს. საქართველომ თავის დროზე მასშტაბური ეკონომიკური რეფორმები გაატარა და ჩვენ გვინდა ეს სტატუსი დავიბრუნოთ.
წყარო: «TV EuroNews»