6-11-2018
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა ჩხიკვიშვილის განცხადებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, მერის წარმომადგენლის თანაშემწე ვასილ ღლონტი, არჩევნების პირველ ტურში მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.
ამის შესახებ ჩხიკვიშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც სოციალურ ქსელში, „ოცნების“ წევრების მიერ „ნაციონალებთან“ გარიგებაში დადანაშაულებული ოზურგეთის მერის კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერების მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთში, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ შედეგში შარაშენიძემ დიდი წვლილი შეიტანა.
„არ გაბედოს და დვაბზუს მოგება არ დაიბრალოს. დვაბზუში, მერის წარმომადგენლის თანაშემწე პირდაპირ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მუშაობდა. ექნება, ალბათ, მერს ამაზე ინფორმაცია. ოჯახები შემიძლია დავასახელო, სადაც ვასილ ღლონტი დადიოდა და სალომე ზურაბიშვილს ლანძღავდა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. იშვიათად ვწერ ასე საჯაროდ და ეს ის შემთხვევაა, როცა პირდაპირ ფაქტებით შემიძლია გესაუბროთ. ალბათ, ვასილის შესახებ ექნება ხელმძღვანელობას ინფორმაცია.
ჰოდა, ესაა საინტერესო, ქვემდგომი რომ ნაცებზე მუშაობს, ამ დროს ზემდგომი რას ეუბნება. მთელი დღის განმავლობაში ვასილის მანქანა „ნაციონალებს“ ემსახურებოდა და მათ ხალხს ატარებდა. შემიძლია ოჯახებში მიგიყვანოთ, სადაც დაადასტურებენ ჩემს მიერ გადმოცემულ ინფორმაციას.
ალბათ, შეამჩნევდით, ჰაერზე საუბარი არ მიყვარს. ოჯახებში, სადაც შევდიოდით, უკვირდათ, რატომ ვეუბნებოდით ჩვენ 48-ს და ვასილი 5-ს. თქვენ ხომ ერთი პარტიიდან იყავითო. ხოდა, ამ ფერნაცვალ, ბოღმაშემოტეულ ხალხს მიხედოს ხელმძღვანელობამ. სანამ ვინმე დვაბზუზე რამეს დაიბრალებს“,- დაწერა ჩხიკვიშვილმა.
ჩხიკვიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დვაბზუში რამდენიმე ოჯახში იმ პირობით დაგვიდასტურეს, რომ მათ ვინაობას არ გავამხელდით:
_ არ გვინდა ზედმეტი პრობლემები შეგვექმნას, ისედაც უამრავი გაჭირვებაა. რამე რომ ვთქვათ, ცნობასაც კი არ დაგვიწერენ, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას დვაბზუში.
დეტალების გადამოწმებას „გურია ნიუსი“ ვასილ ღლონტთან შეეცადა. მერის წარმომადგენლის თანაშემწე, კითხვებზე პასუხის ნაცვლად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა და აქეთ დაგვდო ბრალი:
„თქვენ თვითონ „ნაციონალებო“, ვის უბედავთ მაგ თემაზე საუბარს?! მე „ოცნების“ პარტიის წევრი ვარ და თქვენ მეუბნებით, „ნაციონალი“ ხარო?! მარიკა ჩხიკვიშვილი რომ არ ყოფილიყო, მეტ ხმას აიღებდა მთავრობა“, - გვითხრა ღლონტმა და ტელეფონი გაგვითიშა.
16-11-2024
16-11-2024