გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირისთვის პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

21-01-2018

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ა.კ.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირისთვის საქართველოს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.


უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2018 წლის 17 იანვარს, ა.კ.-ს დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა დიდი ხნის ნაცნობმა და მეზობელმა ი.რ.-მ. ხსენებული პირები ერთმანეთს შეხვდნენ 2018 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე, თბილისში, ს. ცინცაძის ქუჩაზე, რა დროსაც ი.რ.-ს ახლდა მეგობარი შ.ი. შეხვედრისას ი.რ.-მ ა.კ.-ს უთხრა, რომ სჭირდებოდა თანხა 600 ლარის ოდენობით და სთხოვა დახმარება, თუმცა ა.კ.-მ განუმარტა, რომ ხსენებული თანხა არ გააჩნდა.


ამის შემდეგ ი.რ.-მ ა.კ.-ს სთხოვა სწრაფი ონლაინ სესხის გაკეთება, ან მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარება, რაზედაც ა.კ.-მ კვლავ უარი განუცხადა. ა.კ.-ს მხრიდან უარის მიღების შემდეგ საუბარში ჩაერთო შ.ი., რომელმაც ა.კ.-ს კატეგორიულად მოსთხოვა დახმარებოდა ი.რ.-ს, თუმცა მორიგი უარის შემდეგ შ.ი.-მ მას ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. ა.კ.-ს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.


2018 წლის 19 იანვარს შ.ი. ბრალდებულის სახით თბილისში იქნა დაკავებული. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია). პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს და ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ითხოვს პატიმრობის შეფარდებას. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031