21-01-2018
უკვე მეთორმეტე წელია გლობალური თავისუფლების მაჩვენებელი უკან იხევს - ასეთია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის” დასკვნა. ორგანიზაცია თავისუფლების ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის კუთხით, მსოფლიოს მასშტაბით უკუსვლაა. “დემოკრატია, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყველაზე სერიოზული კრიზისის წინაშე დგას,” - ასე აფასებს ანგარიშის მიგნებებს “ფრიდომ ჰაუსის” პრეზიდენტი მაიკლ აბრამოვიჩი.
2017 წლის მთავარ უკუსვლად ანგარიში შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ასახელებს. “შეერთებულმა შტატებმა უკან დაიხია როგორც ჩემპიონმა და დემოკრატიის მაგალითმა,” ნათქვამია ანგარიშში. უკუსვლის მიზეზებად დასახელებულია საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა, თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ ეთიკის სტანდარტების დარღვევები და მთავრობაში გამჭვირვალობის შემცირება. „შეერთებული შტატების მიერ საზღვარგარეთ დემოკრატიების მხარდაჭერის შემცირება აძლიერებს ავტორიტარულ რეჟიმებს და მათ უფრო სახიფათოს ხდის“, - აცხადებს მაიკლ აბრამოვიჩი.
საქართველო ცხრა ქვეყანასთან ერთად მოქცეულია იმ ჯგუფში, რომელსაც, ორგანიზაციის აზრით, „განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დავაკვირდეთ, რადგან მომავალი წელი ქვეყნის დემოკრატიული კურსისთვის, შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს“.
საქართველოს ნაწილში, ყოველწლიური ანგარიში ორ მოვლენას გამოყოფს - საკონსტიტიუციო ცვლილებებს და თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარებას. ანგარიშში ნათქვამია, რომ მმართველი “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები დიდი გამოწვევა იქნება საქართველოს დაყოფილი ოპოზიციისთვის, რამაც, შესაძლებელია “მომდევნო წლებში პარტიის კონტროლი კიდევ უფრო გაამყაროს.”
„ფრიდომ ჰაუსის“ ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი მარკ ბეჰრენდტი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მთავარი შეშფოთება კონსტიტუციის ოპოზიციის ჩართულობის გარეშე მიღებამ გამოიწვია: „საკონსტიტუციო ცვლილებებში არის დადებითი ცვლილებებიც, მაგრამ ის არ ამოქმედდება 2024 წლამდე, რაც ნიშნავს, რომ მანამდე „ქართული ოცნების“ მთავრობა გამოიყენებს იმ უპირატესობებს, რომელსაც მას მაჟორიტარული წესით არჩევნები ანიჭებს“.
ანგარიში ცალკე გამოყოფს აფგან მუხთარლის საქმეს და მისი გატაცების ისტორია მოჰყავს იმის მაგალითად, თუ როგორ სცილდებოდა გასულ წელს ავტორიტარული რეჟიმების ქმედებები მათი სახელმწიფოების საზღვრებს, და როგორ იდევნებოდნენ დევნილობაში მყოფი კრიტიკოსები, რაც ევრაზიის რეგიონის მასშტაბით, ორგანიზაციის შეფასებით, ყველაზე საგულისხმო ტენდენციაა.
როგორც ცნობილია, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარებული აფგან მუხთარლი მეორე დილით ბაქოს იზოლატორში აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ მისი გატაცების საქმე აჩენს კითხვებს “საქმეში საქართველოს მთავრობის თანამონაწილეობის შესახებ“: „ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, მაგრამ არსებობს სანდო წყაროები, რომელიც აჩვენებს, რომ მუხთარლის გატაცების საქმეში მთავრობა მონაწილეობდა. აღშფოთებას იწვევს ამ საქმეში მთავრობის შესაძლო მონაწილეობა ან ის, რომ მთავრობას შეეძლო თავიდან აეცილებინა ეს გატაცება“, - ამბობს მარკ ბეჰრენდტი. მისი თქმით, მუხთარლის საქმე აშინებს სხვა აქტივისტებს, რომლებიც თავს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას აფარებენ:
„უნდა ითქვას, რომ საქართველო რჩება სინათლის შუქურად ყოფილ საბჭოთა სივრცეში, რის გამოც ის იქცა თავშესაფრად ჟურნალისტებისთვის, დისიდენტებისთვის, ყოფილი პოლიტ-პატიმრებისთვის აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან. ეს ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც ჩვენ გვაშფოთებს. საქართველოში მყოფი დისიდენტები გვიყვებიან, რომ მათ უთვალთვალებენ, რომ ისინი თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ. მნიშნელოვანია საქართველოს მთავრობამ ამ ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყოს, რადგან საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი რეგიონში ძალიან დადებითი როლი ითამაშოს“.
„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში 195 ქვეყნის და 14 ტერიტორიული ერთეულია შეფასებული. ანგარიშის მიხედვით, თითქმის თანაბარია მოსახლეობის რაოდენობა, ვინ თავისუფალ და არათავისუფალ ქვეყნებში ცხოვროვბს. მოსახლეობის მხოლოდ 39% ცხოვრობს თავისუფალ ქვეყნებში, 37% კი არათავისუფალში, ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებში მოსახლეობის 24% ცხოვრობს. წელს პირველად, ნაწილობრივ თავისუფალიდან არათავისუფალ კატეგორიაში გადაინაცვლა თურქეთმა. თურქეთი, ასევე, ლიდერობს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც დემოკრატია ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტად - 34 ქულით გაუარესდა. ამავე ჩამონათვალშია უნგრეთი -20 ქულით, აზერბაიჯანი -19, რუსეთი - 12 და უკრაინა -11 ქულით.