22-11-2018
რამდენიმე ქალმა და დედამ ბათუმში ვაგონში მცხოვრები 6-შვილიანი ოჯახისა და საბჭოთა "ვოლგაში" მცხოვრები მოხუცი კაცის დახმარება გადაწყვიტეს. მოქალაქეებმა ამ ადამიანების შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც მათ შესახებ "აჭარის ტელევიზიის" ეთერში სიუჟეტი გავიდა.
მოქალაქეებმა სახლებში ნივთები მოაგროვეს, თანხაც შეკრიბეს და 6-შვილიან ოჯახს, რომელიც ვაგონში ცხოვრობს ბავშვთა საკვები, თბილი ტანსაცმელი, სათამაშოები და საყოფაცხოვრებო ნივთები მიუტანეს.
"სპონტანურად დავგეგმეთ ამ ოჯახთან მისვლა. რამდენიმე ადამიანმა შევკრიბეთ ფული, 450 ლარის პროდუქტი ვიყიდეთ, თბილი ტანსაცმელი წავიღეთ სახლიდან, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის. სათამაშოები, საყოფაცხოვრებო ნივთებიც მივუტანეთ. ვაპირებთ საახალწლოდაც ვესტუმროთ და გავახაროთ. ძალიან კარგი ემოციებით და დიდი სიხარულით შეგვხვდნენ", - თქვა სოციალური აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რომელსაც საჯაროდ მისი ვინაობის დაფიქსირება არ ისურვა.
როგორც "აჭარის ტელევიზია" აცხადებს, ამავე მოქალაქეებმა საბჭოთა "ვოლგაში" მცხოვრები 82 წლის თევდორე ზოიძის დახმარებაც გადაწყვიტეს. კაცი სახლიდან 20 წლის წინ წავიდა და დღემდე მანქანაში ცხოვრობს. მოხუცს თბილი ტანსაცმელი და საკვები მიუტანეს.
16-11-2024
16-11-2024