გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ყველა ერთად უნდა დავდგეთ და საბოლოოდ ვუთხრათ უარი მოღალატე სააკაშვილს

26-11-2018

"დღეს ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ყველაფერი პირადი გვერდით გადავდოთ და საბოლოოდ უარი ვუთხრათ მოღალატე სააკაშვილს და მის ანტიეროვნულ პოლიტიკურ ძალას," – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავრცელებს.


როგორც ღარიბაშვილი წერს, სამი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აღარ მონაწილეობს, თუმცა, მისივე თქმით, მთელი გულით და გონებით ქვეყნის ბედზე და მის მომავალზე ფიქრობს.


„სამი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც აღარ ვმონაწილეობ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა ისევე როგორც თქვენ, მეც მთელი გულით და გონებით ქვეყნის ბედზე და მის მომავალზე ვფიქრობ. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ჩვენგან დამოუკიდებლად, იმისდა მიუხედავად, გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ყველას გვეხება, აქტიურ პოლიტიკაში ჩართულებს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს. გულწრფელად მაღელვებს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ამიტომ, გადავწყვიტე საჯაროდ მოგმართოთ:


2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქართველმა ხალხმა წერტილი დაუსვა სააკაშვილის მოძალადე, ანტიეროვნულ რეჟიმს. მაშინ მთელი ერი გაერთიანდა სააკაშვილის უსამართლო, მჩაგვრელი და მოძალადე ხელისუფლების შესაცვლელად. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოხდა ის, რასაც ალბათ 2012 წელს ან თუნდაც 2016 წელს ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, თუმცა ამის გამომწვევ მიზეზებზე საუბრის დრო ახლა არ არის.


ყველა ის ბინძური რიტორიკა და დეზინფორმაციული პროპაგანდა, რაც მათგან მომდინარეობს, ყველაზე უკეთ სწორედ მათ მიესადაგებათ: დაწყებული სახელმწიფოს ღალატით, დამთავრებული ოკუპანტი ქვეყნისთვის უამრავი სტრატეგიული ობიექტების გადაცემით თუ ტერიტორიების დაკარგვით, ტერორისტებთან თანამშრომლობით თუ კრიმინალებთან გარიგებით, უდანაშაულო ადამიანების წამებით და დახოცვით, ხალხის გაღარიბებით და მჩაგვრელი საბანკო სისტემის შექმნით, ბიზნესის დატერორებით და ადამიანების ქონებების წართმევით, ასიათასობით მოქალაქეების გასამართლებით და მათი ცხოვრების დანგრევით, ქვეყანაში უსამართლობისა და უთანასწორობის დამკვიდრებით.


ჩვენ კარგად გვახსოვს მიწაზე გართხმული მთავარსარდალი და მის მიერ ჩვენი გმირი სამხედროებისა და გმირი პოლიციელების მიტოვება შუა ომში, გვახსოვს ხალხის წინაშე ჩადენილი მისი ყველა დანაშაული. სხვათა შორის, ეს ყველაფერი არცთუ ისე შორეულ წარსულში ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ასეთი მძიმე მემკვიდრეობის მქონე პოლიტიკოსებად წოდებულ კრიმინალებს, აღარ უნდა ქონდეთ უფლება და ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია. ამიტომ, დღეს ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ყველაფერი პირადი გვერდით გადავდოთ და საბოლოოდ უარი ვუთხრათ მოღალატე სააკაშვილს და მის ანტიეროვნულ პოლიტიკურ ძალას“,- აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031