გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თბილისის მერიამ სარალიძესა და მაჩალიკაშვილს კარვებში გათბობა დაუმონტაჟა

5-12-2018

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გაშლილ  კარვებში მერიამ გუშინ ელექტროენერგია გაიყვანა და გათბობა დაამონტაჟა. 


აქციის მონაწილის, ირმა სიმონიშვილის თქმით, მათ გუშინ მიმართეს მთაწმინდის სამმართველოს უფროსს, გოგა მემანიშვილს  და შეატყობინეს, რომ სიცივის გამო, მიტანილი ჰქონდათ ღუმელი და შეშა. მისი თქმით, პარლამენტის წინ მივიდა გოგა მემანიშვილი. როგორც მან აქციის მონაწილეებს უთხრა, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან საუბრის შემდეგ მერიამ გადაწყვიტა, რომ ელექტროენერგია გამოეყვანათ პარლამენტის შენობიდან და კარვებში დაემონტაჟებინათ გათბობა. 


გუშინ სარალიძემ მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს მიღებული გადაწყვეტილების გამო. 


5 ნოემბერს  ზაზა სარალიძემ მერიისგან მიიღო წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ აქციის მონაწილეებს უნდა შეეცვალათ ლოკაცია, რადგან პარლამენტის წინ საახალწლო ნაძვის ხის დადგმისთვის სამუშაოები უნდა დაწყებულიყო. წერილის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს ტერიტორია არ დაუტოვებიათ. 


10 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად პარლამენტის წინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის წინ კარვების გაშლის საშუალება მისცემოდათ. ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ  ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება. 


აქციაზე ზაზა სარალიძის მიერ კარვის გაშლის მცდელობას პოლიციასთან დაპირსპირება მოჰყვა, რა დროსაც ზაზა სარალიძე და სარალიძის დედა შეუძლოდ გახდა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. 


მიუხედავად პოლიციის მცდელობისა, აქციის მონაწილეებს არ გაეშალათ კარავი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რამდენიმე კარვის გაშლა მაინც მოახერხეს. 


liberali.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930