გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
,,რეალური დამნაშავის ვინაობა იციან...“ - ვინ იყო ქუთათელაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი და რას ყვებიან გენერლის ახლობლები

24-01-2018

საქართველოში შეკვეთილი მკვლელობების ანატომიას დიდი ალბათობით, 53 წლის გენერლის, სოსო (სამსონ) ქუთათელაძის საზარელი მკვლელობაც შეემატება. ამაზე ყოფილი დეპუტატისა და ბიზნესმენის ოჯახის ახლობლები ღიად საუბრობენ.

ეროვნული გვარდიის სარდალი 15 დეკემბერს, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე, საკუთარ კაბინეტში ჩაცხრილეს.

ერთ-ერთი ვერსიით, ქუთათელაძე დაქირავებულმა ქილერმა ისე მოკლა, რომ ძალიან ცოტა კვალი დატოვა: მკვლელობის დღეს არ მუშაობდა ბაზარში დამონტაჟებული კამერების დიდი ნაწილი, პოლიცია კი ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს დანაშაულის იარაღს.

სამსონ ქუთათელაძეს მაყუჩიანი იარაღიდან ესროლეს, გენერალს 6 ტყვია აქვს მოხვედრილი.

ამ ეტაპზე ეჭვმიტანილის ვინაობა და მკვლელობის მოტივი უცნობია.

რაც შეეხება ვერსიებს, ყველაზე სანდოა ვარაუდი, რომ ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ბიზნესწილების გამო მოკლეს.

ოჯახის ახლობების ინფორმაციით, გენერალი ერაყში სიგარეტის გატანას აპირებდა, თუმცა ეს იდეა ბიზნესპარტნიორებმა მიითვისეს და პროცესებს ჩამოაშორეს.

ამასთან, მედიაში გასაჯაროებული ჩვენებებიდან ირკვევა, რომ გენერალ ქუთათელაძეს, რუსთავის ბაზრის გამო, მის ყოფილ მფლობელებსა და ბაზრის მოქმედ დირექტორთან დიდი დაპირისპირება ჰქონდა.

ბაზრის დირექტორი, მამუკა ცხოვრებაძე პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებულ ყოფილ პროკურორ გიორგი ჭანტურიას სახელს ახსენებს და ამბობს, რომ ამ უკანასკნელს ქუთათლაძესთან ურთიერთობა დაეძაბა, მიზეზი კი ბაზრის ტერიტორიაზე ჭანტურიების კუთვნილი მიწა გახდა.

ითქვა ისიც, რომ გენერალი ქუთათელაძე ბოლოს მის გარემოცვასაც არ ენდობოდა, რადგან ეჭვობდა, რომ ბაზრის დირექტორი ფულს ჰპარავდა.

„სტამბოლის ბაზარში“ პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ ქუთათელაძესა და ბაზრის დირექტორის შორის, ახალი წლის წინა დღეებში დაპირისპირებაც მოხდა.

„ნიუპოსტს“ კონფიდენციალური წყარო უყვება, რომ თავდაპირველად სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ერთ-ერთ ეჭვმიტანილად გამოძიება ე.წ. სტამბულის ბაზრის ერთ-ერთ ყოფილ მეწილეს დავით ბლუაშვილს ასახელებდა.

მამაკაცი საგამოძიებო ორგანოში არაერთხელ დაიბარეს, მაგრამ მოულოდნელად, გამოძიება სხვა პირით დაინტერესდა და ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურია დააკავა, რომელიც დღეს თავისუფალია და შს მინისტრის მოადგილეს ზეწოლაში ღიად ადანაშაულებს.

სხვათა შორის, დავით ბლუაშვილისა და გიორგი ჭანტურიას დაპირისპირება სათავეს 2010 წელს იღებს, როცა ბლუაშვილი და დედამისი - ლიანა აბაიძე დააკავეს და გაასამართლეს. ამავე საქმეზე დაკავებული იყო გიორგი ჭანტურიაც, რომელიც საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ე.წ. წილების დათმობის საქმეზე გამოძიება დაიწყო და სასამართლო პროცესები აქტიურად მიმდინარეობდა.

დავით ბლუაშვილი დარწმუნებული იყო, რომ ჭანტურიამ მის და დედამისის წინააღმდეგ მისცა ჩვენება.

ცნობილია, რომ წილების დათმობის შემდეგ „სტამბულის ბაზარი” ებრაელი ინვესტორების ხელში აღმოჩნდა, რომელთაც ოფიციალურად სამსონ ქუთათელაძე აქციების 29 %-ით წარმოადგენდა.

როგორც ირკვევა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის მეგობარმა სამსონ ქუთათელაძემ ჭანტურიებს წილის ნაწილი დაუბრუნა, რითაც კონქლიქტი თითქოს დალაგდა.

ლიანა აბაიძე და დავით ბლუაშვილი კი სასამართლოს გზით, ქუთათელაძისგან ითხოვნდენ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.

ამასთან, გენერლის მკვლელობის საქმის ირგვლივ დაკითხული ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ დავით ბლუაშვილი სამსონ ქუთათელაძეს ემუქრებოდა.

„ნიუპოსტი“ რეზონანსული საქმის ირგვლივ მოკლული სამსონ ქუთათელაძის მეგობარს, საქმის ირგვლივ დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებული ჭანტურიას დას და ადვოკატს ესაუბრა.

სამსონ ქუთათელაძის მეგობარი, ყოფილი პარლამენტარი ვალერი გელბახიანი დარწმუნებულია, რომ გენერალი დაქირავებული ქილერის მოკლულია, ის საქმეში პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს.

„მასთან ურთიერთობა მქონდა, ორივე საჩხერიდან ვართ და ხშირად გვიწევდა ერთად ყოფნა, თუმცა პირად საქმეზე და პრობლემებზე არასდროს გვისაუბრია. არ ვიცი, ჰქონდა თუ რა ბიზნესპარტნიორებთან კონფლიქტი. ამიტომ ვერც ჭანტურიას და ვერც ბლუაშვილთან მიმართებით ვერაფერს გეტყვით.

რაც შეეხება ჭანტურიას, როგორც მითხრეს, ქუთათელაძეს დაახლოებით, 70 000 დოლარი უკვე გადახდილი ჰქონდა, მათ შორის ვალი არ იყო. ჭანტურიას მორალური უფლებაც კი არ ჰქონდა, ქუთათელაძისთვის რამე მოეთხოვა. ამ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი გამოძიებაზეა - მან უნდა შეისწავლოს აბსოლუტურად ყველა გარემოება, რომელიც კავშირში იყო ბიზნეს საქმიანობასთან.

რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, გამოვრიცხავ, რომ მკვლელობა ქუთათელაძის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს. იმანაც გაიჟღერა, რომ თითქოს რუსების შეკვეთა იყო... წილებსა და ვალებზე მიმდინარეობდა დავები, თუმცა კონკრეტული დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის“ - აღნიშნა „ნიუპოსტთან“ გელბახიანმა.

იორგი ჭანტურიას უფლებადამცველი „ნიუპოსტთან“ საქმის არაობიექტურად გამოძიებაზე საუბრობს და მიანიშნებს, რომ სამართალდამცავები "რეალურ დამნაშავეს ხელს აფარებს".

ანა კაკენაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ დავით ბლუაშვილის დაკითხვა ბაზრის ერთ-ერთი მფლობელის უზიელ ნონის ჩვენების საფუძველზე მოხდა. (ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული სკანდალური ჩვენების გასაჯაროების შემდეგ, ისრაელის მოქალაქემ გუშინ განაცხადა, რომ ასეთი ჩვენება მას საერთოდ არ მიუცია - ავტ).

„უზიელ ნონი ჩვენებაში წილებთან დაკავშირებით არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობდა, უზიელი არის ის ადამიანი, ვინც აცხადებდა, რომ ბულუაშვილი წილებს თხოვდა სამსონ ქუთათელაძეს და იყო მათ შორის დაძაბული ურთიერთობა თანხებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ უკანასკნელმა გუშინ მსგავსი ჩვენების მიცემა უარყო და თქვა, რომ მისი ჩვენება არის ინტერპრეტირებული. სხვა პირების მიერ მიცემულ ჩვენებებზე ამ დაპირისპირებაზე საუბარი არ არის.

სხვა პირები ჩვენებებში ადასტურებენ, რომ გარკვეულ პირთა წრესა და ქუთათელაძეს შორის დაპირისპირება ნამდვილად არსებობდა,“ - აღნიშნა კეკენაძემ.

ადვოკატი ამბობს, რომ 2010 წელს გიორგი ჭანტურიას დავით ბლუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია. უბრალოდ, მან წარდგენილი ბრალი აღიარა, რომ საპროცესო შეთანხმება შემდგარიყო.

"გამოვიდა, ისე რომ თითქოს ბლუაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება, მაგრამ მსგავს ჩვენებას ბუნებაში ვერ მოძებნით. ეს იყო ბრალის აღიარება, რაც თავს თავში მოიცავდა იმას, რომ ყველა მეწილე აღიარებდა იმ ბრალს, რაც პროკურატურამ წარუდგინა"- თქვა კეკენაძემ.

ადვოკატი "ნიუპოსტთან" საუბრიოსას ადასტურებს რომ ქუთათელაძესა და ბლუაშვილს წილებთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჰქონდათ.

"ამ საქმეზე დავა სასამართლოში მიმდინარეობს, ბლუაშვილიწილის დაბრუნებას ითხოვდა და როგორც მოწმეები საუბრობენ, არაერთხელ უნახავთ ქუთათელაძესთან ბლუაშვილი და არაერთხელ მოუსმენით თუ როგორ თხოვდა ეს უკანასკნელი წილის დაბრუნებას ან თანხის გადახდას"- აღნიშნა ჭანტურიას ადვოკატმა.

ნა კეკენაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს შს მაღალჩინოსანი მკვლელობის აღიარებას და სანაცვლოდ სასჯელს შემსუბუქებას სთავაზობდა. 

"მათ უნდოდათ მარტივად გაეხსნათ საქმე, არ უნდოდათ ამ მკვლელობას ჰქონოდა შეკვეთილი მკვლელობის სახე. ბრალდების მხარის გეგმაში შედიოდა, დაებარებინათ გიორგი ჭანტურია დაკითხვაზე, ჭანტურია ზეწოლის შედეგად აღიარებდა არჩადენილი დანაშაულს და საქმე გახსნილად გამოცხადდებოდა. მათთა სამწუხაროდ, სიტუაცია მალევე შეიცვალა, რაც საქმეში ჩვენ, ადვოკატები ჩავერთეთ და გავასაჯაროეთ ზეწოლის კონკრეტული ფაქტები. შესაბამისად, ახლა გამოძიება ჩიხშია შესული. ფაქტია, რომ ვერ აკავებენ მკვლელს - არ აქვთ მტკიცებულებები და ვერ იძიებენ საქმეს. ანდა, არის კიდევ ერთი ეჭვი, რომ მათ რეალური დამნაშავის ვინაობა იციან და მსგავსი ქმედებებით ცდილობენ ხელი დააფარონ ბრალდებულს"- განაცხადა "ნიუპოსტთან" ადვოკატმა ანა კეკენაძემ.

"ნიუპოსტი" რეზონანსული საქმის ირგვლივ დაკავებული და მოგვიანებით გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას დას მარიამ ჭანტურიას ესაუბრა. მისი თქმით, ჭანტურიას და პირადად მას "ჯიპის მარკის ავტომობილი დაჰყვება და უთვალთვალებს".

"ყოველდღე დაგვყვებიან, გუშინ წინ, დაახლოებით 12:00 საათზე, როცა საცხოვრებელი დავტოვე, გამომყვა ავტომობილი. მათთან მივედი და ახსნა-განმარტება მოვთხოვე. ეს არის ქოროს ფერი ჯიპის მარკის ავტომობილი სერიით LDL სამწუხაროდ ციფრები ვერ დავიმახსოვრე"- განაცხადა მარიამ ჭანტურიამ.

მანვე დაადასტურა "ნიუპოსტის" ინფორმაცია და თქვა, რომ მკვლელობის საქმეზე "პირველი ეჭვმიტანილი სწორედ ბლუაშვილი იყო".

"პირველი ეჭვმიტანილი იყო სწორედ ეს ადამიანი, მაგრამ რატომღაც მალევე გამორიცხეს და დაიწყეს ჭანტურიას მიმართ ზეწოლა. ამასთან, თუ რამე გააჩნიათ ბლუაშვილების ოჯახს, ყველაფერი ჩვენი ოჯახის დახმარებით, მათ შორის პატიმრობიდან გათავისუფლება, რომ არა ჩვენ, დამიჯერეთ ისინი დღესაც ციხეში ისხდებოდნენ"- თქვა ჭანტურიამ.

გიორგი ჭანტურიას ოჯახი დარწმუნებულია, რომ „გამოძიება რეალურ მკვლელს ხელს აფარებს“.

„ეს არის მიზანმიმართული ქმედება. შეუძლებელია მათ ცხელ კვალზე არ ჰქონდეთ ინფორმაცია. ჩემ ძმას სთავაზობდნენ ეღიარებინა დანაშაული და სთავაზობდნენ გარკვეულ შეღავათებს"- დასძინა მან.


newposts.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930