22-12-2024
როგორც აღმოჩნდა, ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის მეუღლე რუსუდან კოხოძე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორია.
ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანიას თავად შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განუცხადა, მისი მეუღლის კარიერულ წინსვლაში მას წვლილი არ მიუძღვის და ეს ყველაფერი, ჯანდაცვის მინისტრის მაშინდელი მოადგილის თამარ ბარკალაიას დამსახურებაა.
გთავაზობთ სტენოგრამას, ტელეკომპანია „პირველის“ სიუჟეტიდან:
ტვ „პირველი“: ალექსანდრე დარახველიძის ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების დიდი ნაწილი საჯარო სამსახურშია დასაქმებული. თავად დარახველიძის მეუღლემ, პოსტი ჯანდაცვის სამინისტროს ზრუნვის სააგენტოში მაშინ მიიღო, როდესაც მისი ქმარი უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობას იკავებდა.
ალექსანდრე დარახველიძე: ზრუნვის სააგენტოში ბევრი გამოწვევაა, ბევრი რეფორმის გატარება მოუწია მას (მის მეუღლე რუსუდან კოხოძეს)... მე რა თქმა უნდა მას გვერდით ვუდგავარ ყოველთვის....
მინისტრის მოადგილისგან განსხვავებით, დარახველიძის მეუღლე არ ამბობს, თუ ვისი დახმარებით მოხვდა მაღალ საჯარო სამსახურში.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვისი დახმარებით დაინიშნა ამ თანამდებობაზე, რუსუდან კოხოძემ უპასუხა, რომ „არ აპირებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას“...
აქვე გაცნობებთ, რომ მედიაჰოლდინგი „ჰორიზონტი“ (საინფორმაციო პორტალი region.ge) დიდი ხანი წერს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში არსებული განუკითხაობის შესახებ.
დიდი ხანია წერს სოცმუშაკ სალომე ჯიოშვილის მიერ ჩადენილი სავარაუდო სისხლის სამართლებრივი დანაშაულების შესახებ;
წერს ამავე სააგენტოს ფსიქოლოგ ნინო სამხარაძის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის შესახებ;
წერს იმის შესახებ, რომ ამ უწყების თანამშრომლები, რომლებსაც ბავშვების ბედი აბარიათ, ერთმანეთისგან ბავშვს და ძაღლს ვერ არჩევენ;
წერს იმის შესახებ, რომ ამავე უწყების მაღალჩინოსნების მიმართ დადგინდა დისციპლინარული გადაცდომის ფაქტები, თუმცა, სწორედ ამის შემდეგ ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი ოფიციალურად დაინიშნა თანამდებობაზე;
წერს იმის შესახებ, რომ ამ უწყების ორი თანამშრომლის მიმართ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შესულია განცხადებები, რომელიც დაეწერა შსს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის რ-ნის მე-5 განყოფილებას, თუმცა საქმეები ამ დრომდე თაროზეა შემოდებული;
წერს იმის შესახებ, რომ უწყების თანამშრომელი, რომელიც ერთმანეთისგან ბავშვს და ძაღლს ვერ არჩევს, და რომლის მიერ შედგენილი საჯარიმო ოქმი სასამართლოშია გააჩივვრებული, - დააწინაურეს...
ეს არის ინფორმაციის ნაწილი, რასაც ჩვენი მედიაჰოლდინგი ფლობს, ხოლო დანარჩენებს აუცილებლად გაასაჯაროებს მოგვიანებით.
აქედან გამომდინარე, უკვე პრაქტიკულად ცხადი ხდება, ვინ მფარველობს საქართველოში ბავშვების ბედით ვაჭრობას და ვისი მფარველობით ხდება სავარაუდო დამნაშავეების მიმართ გამოძიების დაწყება.
მედიაჰოლდინგი ჰორიზონტი მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიძიეოს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროში არსებული სავარაუდოდ, უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულების ფაქტები და გამოთქვამს მზადყოფნას, გადასცეს გამოძიებას კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი მტკიცებულებები, რაც უზრუნველყოფს მთელი, სავარაუდოდ დანაშაულებრივი ვერტიკალის გამოვლენას.
ამასთან, შესაძლოა აღნიშნულ სქემაში ჩართული იყოს სამშენებლო კომპანია m2-ის თანამშრომლების გარკვეული ნაწილი, რომელთა შესახებაც, მედიაჰოლდინგი ჰორიზონტი აგრეთვე მზადყოფნას გამოთქვამს გამოძიებას მის ხელთ არსებული მონაცემები მიაწოდოს.