10-01-2019
გრიპის გავრცელების მხრივ, იანვრის პირველ პერიოდში ოდნავ სიმშვიდე და კლების ტენდენცია იქნება, მაგრამ იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში კვლავ მატება გვექნება - ამის შესახებ "პრაიმტაიმს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
- როგორია ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი?
- გავრცელების მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით ოცი ერთეულით შემცირებულია, ანუ თუ ერთი კვირის წინ იყო 277 ასი ათას მოსახლეზე, ახლა უკვე გასულ კვირას გვაქვს 276 ასი ათას მოსახლეზე. გვაქვს ოდნავშემცირების დინამიკა. ასევე, შემცირებულია მძიმე რესპირაციული ინფექციით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 41 %-დან 33 %-მდე. მაგრამ 33 %-იც საკმაოდ მაღალია. ამიტომ საავადმყოფოებში რჩება გართულებული შემთხვევები, რომლის მიზეზი არის დაგვიანებული მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებისადმი.
- როდის უნდა ველოდოთ პიკის გადავლას?
- დაახლოებით შემიძლია გითხრათ, რომ პიკში ვართ. იანვრის პირველ ნახევარში ოდნავ სიმშვიდე იქნება და ოდნავ კლების ტენდენცია, მაგრამ შემდგომ იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში კლავ მატება გვექნება. ძირითადი ვირუსის შტამბი, რაც ტრიალებს და ცირკულირებს ქვეყანაში არის H1N1.
- ვინ არის რისკ ჯგუფში და რას ურჩევთ მათ?
- ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია გახლავთ გრიპის სიმპტომო-კომპლექსის დაწყებიდან, რაც შეიძლება მალე სამედიცინო დაწესებულებებისადმი მიმართვა, რათა დავიდან ავიცილოთ გრიპის გართულება და ექიმის რჩევით დროულად დაიწყოს პაციენტმა მკურნალობა. გრიპის სიმპტომებია: მაღალი ცხელება, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ზოგადი მოტეხილობა, სისუსტე, უმადობა. განსაკუთრებით ბავშვებში სისუსტე და ძილიანობა, გულისრევა და ღებინება. აღნიშნული სიმპტომო-კომპლექსი თუ ერთ დღეზე მეტი გრძელდება, აუცილებელია, რომ მიმართოთ ოჯახის ექიმს და იმოქმედოთ მისი დანიშნულების მიხედვით. განსაკუთრებით ვაფრთხილებ ორსულ ქალბატონებს, იყვნენ ძალიან ფრთხილად. ექნებათ თუ არა მათ მაღალი ტემპერატურა, აუცილებელია, რომ მიმართონ ექიმს კონსულტაციისთვის. ასევე განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იყვნენ ბავშვებთან მიმართებაში მშობლები და მოხუცები. ამავე დროს, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს, როგორიც არის დიაბეტი, ინფარქტის შემდგომი მდგომაროება, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის შემდგომი მდგომაროება, სიმსივნეებით, ასთმით, ქრონიკული ბრონქიტით დაავადებული ადამიანები, რადგან ამ დაავადებებს გრიპი სერიოზულად ამწვავებს და ართულებს.