10-01-2019
რუსული გამოცემის, «КоммерсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში პროგნოზირებულია რუსეთის საგარეოპოლიტიკური ურთიერთობების ტენდენციები 2019 წლისათვის სხვადასხვა სახელმწიფოებთან - ძირითადად ექს-საბჭოთა ქვეყნებთან: ბელარუსთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან, სომხეთთან და საქართველოსთან (ავტორი - ვლადიმერ სოლოვიოვი).
„პოსტსაბჭოთა სივრცე რუსეთისათვის პრობლემების მუდმივ წყაროს წარმოადგენს. ამ მხრივ 2018 წელს მოწინავეთა რიგებში იყვნენ უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი და საქართველო. ყოველ დასახელებულ ქვეყანასთან კრემლს სხვადასსხვა დონის სიმწვავის მქონე კონფლიქტები ჰქონდა - არ აქვს მნიშვნელობა იმას, მოსკოვთან სტრატეგიული ურთიერთობა აქვს (როგორც მინსკს) თუ მოწინააღმდეგედ ითვლება (როგორც კიევი). უკვე არსებობს იმის გარანტია, რომ 2019 წელს, ჩამოთვლილ ხუთ სახელმწიფოსთან, ახალი სკანდალები იქნება გენერირებული“, - აღნიშნავს ავტორი და გარკვეულ სამომავლო პროგნოზებს აკეთებს.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს, რომელშიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ასპექტებია განხილული და ნაწინასწარმეტყველები:
----------
„საქართველო: ცვლილებებს არ ველოდებით
საქართველოში 2018 წელმა თბილისისათვის სამწუხარო იუბილეს ფონზე ჩაიარა - ათი წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში ქვეყანა რუსეთთან ომში დამარცხდა, რომლის შედეგი იყო მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ორივე ნაწილობრივ აღიარებულ რესპუბლიკებში უკვე განლაგებულია რუსეთის სამხედრო ბაზები და იმის შანსები, რომ ეს სტატუსი შეიცვლება, ნულის ტოლფასია.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მეზობლებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია, თბილისი და მოსკოვი მაინც აწარმოებენ „მდორე“ მოლაპარაკებებს სავაჭრო და საბაჟო საკითხებზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი პერიოდულად აცხადებს ხოლმე, რომ მოსკოვს შეუძლია სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოსთან და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაც კი, მაგრამ... პირველი ნაბიჯი თბილისმა უნდა გადმოდგასო. მოსკოვში თვლიან, რომ ეს ბუნებრივი იქნებოდა, რადგან დიპლომატიური ურთიერთობა თბილისის ინიციატივით გაწყდაო. საბოლოო ჯამში სიტუაცია არ იცვლება. თუმცა ეს გარემოება სრულიადაც არ უშლის ხელს რუს ტურისტებს, რომლებიც კავკასიურ რესპუბლიკას მასობრივად სტუმრობენ.
მინიმალური პოლიტიკური ურთიერთქმედების მიუხედავად, რუსეთის საკითხი საქართველოს საშინაო პოლიტიკისათვის მნიშშვნელოვან ფაქტორად რჩება. გასული წლის ნოემბერში კავკასიურმა სახელმწიფოს მოქალაქეებმა ქვეყნის პრეზიდენტად საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი აირჩიეს, რომელმაც მოწინააღმდეგე - ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დაამარცხა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაპირისპირებული ბანაკები ერთმანეთს „პრორუსულობაში“ ადანაშაულებდნენ:
ქალბატონ სალომეს გაახსენეს მის მიერ წარმოთქმული სიტყვები, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყოო. გარდა ამისა, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არჩევნებში მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერდა, სალომე ზურაბიშვილს „პუტინის აგენტს“ უძახდა. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილის მომხრეები ხაზს უსვამდნენ, რომ კონკურენტის საარჩევნო შტაბში „მოსკოვის მიერ გამოგზავნილი“ პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი მუშაობსო, ხოლო თვითონ გრიგოლ ვაშაძეს, რომელმაც კარიერა საბჭოთა „მიდ“-ში დაიწყო, „კაგებე“-ს ოფიცერად“ ნათლავდნენ.
არჩევნებში გამარჯვებულმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი ნამდვილად არ იქნება რუსეთთან ურთიერთობის დათბობის მომხრე და რომ განზრახული აქვს სხვა მიმართულებით იმუშაოს - საქართველოს ინტეგრაციაზე ნატოსთან და ევროკავშირთან. რაც შეეხება მოსკოვთან მოლაპარაკებას, მხოლოდ ბრიუსელისა და ვაშინგტონის მხარდაჭერით.
მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ თბილისის ევროატლანტიკური პერსპექტივები ბურუსით არის მოცული? რუსეთმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ რეაგირებას მოახდენს, თუ ჩამოწოლილი ბურუსი უეცრად გაიფანტება: „საქართველო თავის მომიჯნავე ტერიტორიებს - ანუ, ჩვენი თვალსაზრისით, სახელმწიფოებს - საკუთრად მიიჩნევს. ეს ნიშნავს, რომ არსებობს დაურეგულირებელი ტერიტორიული კონფლიქტი, რომლის მიმართაც თითოეულ მხარეს განსხვავებული პოზიციები აქვს. და ასეთ ქვეყანას, ასეთ სახელმწიფოს სამხედრო ბლოკში მიიღებენ? გვესმის, ეს რით გვემუქრება? ამას საშინელი კონფლიქტის პროვოცირება შეუძლია“, - აცხადებს დიმიტრი მედვედევი, რომელიც 2008 წლის ომის დროს პრეზიდენტად მუშაობდა.