გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუმინეთში ქართველი პოეტის ბესიკ გაბაშვილის ძეგლი გაიხსნა

25-01-2019

რუმინეთში მიმდინარე ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, ქალაქ იაშის ისტორიულ ცენტრში, ქართველი პოეტისა და დიპლომატის, ბესიკ გაბაშვილის ბიუსტი გაიხსნა.

საგარეო უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, პირველად იქნა წარმოდგენილი რუმინულ ენაზე თარგმნილი ბესიკის ლექსების კრებულის მეორე გამოცემაც. ასევე გაიმართა ბესიკის ეპოქის რუმინეთისა და საქართველოს ამსახველი ფოტო-სურათების გამოფენა და თბილისისა და ქუთაისის თანამედროვეობისადმი მიღვნილი გამოფენა - „თბილისი, ქუთაისი - კულტურა გვაახლოვებს“.

ღონისძიება განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა, რადგან პოეტმა ბესიკ გაბაშვილმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები სწორედ რუმინეთში ქ. იაშში გაატარა.

ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაფორმდა ასევე შეთანხმება ქალაქ იაშისა და ქალაქ ქუთაისის დამეგობრების შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, ტურიზმი და გარემოს დაცვა.

ღონისძიებას კულტურის ცნობილი მოღვაწეები და ლიტერატურის კრიტიკოსები, რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, ქალაქ იაშის მერი მიხაი კირიკა და ქუთაისის მერიის დელეგაცია მერის გიორგი ჭიღვარიას ხელმძღვანელობით ესწრებოდნენ.

ქართული კულტურის დღეები რუმინეთში 24-25 იანვარს გაიმართა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუმინეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციას მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები დაეთმო. რუმინეთში საქართველოს საელჩო ქართული კულტურის დღეების, ქვეყნის სხვა ქალაქებში ორგანიზებას მომავალშიც გეგმავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031