გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი სესიაშვილი: კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის რეზოლუცია თანამშრომლობის ფართო არეალს და შესაძლებლობებს ქმნის

30-01-2019


„მინდა გამოვეხმაურო კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის მიერ 2018 წლის 4 დეკემბერს, მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს მიძღვნა.

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ საერთაშორისო არენაზე, კანადა, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მოკავშირე და მხარდამჭერია, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში. შესაბამისად, მადლობა მინდა გადაუხადო კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების მხარდამჭერი რეზოლუციისათვის“-ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა.

„რეზოლუციაში ხაზგასმულია, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგად აფხაზეთისა და სამაჩაბლოს უკანონო ოკუპაცია, რაც, მორიგი საერთაშორისო დოკუმენტია, სადაც აღნიშნულია რუსეთის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის განმახორციელებელი ძალის პასუხისმგებლობა, მოსახლეობის უფლებების დარღვევისა და მათი სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე. რეზოლუცია, ასევე, მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში და ამ კუთხით კანადის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერას წარმოადგენს. ამასთანავე, მოუწოდებს კანადის მთავრობას, გაავრცელოს კანადის პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოეთის კორუმპირებული მთავრობების მსხვერპლთა მიმართ სამართლიანობის აღდგენის“ კანონით დაწესებული სანქციები საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში ბრალდებულ პირთა მიმართ, რაც პირდაპირ ეხმიანება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას“-აცხადებს სესიაშვილი.


მისივე თქმით, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რეზოლუცია მოუწოდებს კანადის მთავრობას ლობირება გაუწიოს შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს ჩართულობას და საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ნატო-ში ინტეგრაციას.


„ასევე, მოუწოდებს თავდაცვის სფეროში შეთანხმების გაფორმებისაკენ, რაც მნიშვნელოვან საფუძველს შეუქმნის თავდაცვის სფეროში ურთიერთანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას. ამასთანავე, რეზოლუცია მოუწოდებს კანადის მთავრობას მხარი დაუჭიროს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ჰიბრიდულ თავდასხმებთან გამკლავებაში, განსაკუთრებით, სამთავრობო სტრუქტურებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერ-თავდასხმებთან და მედიის მეშვეობით უცხოური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლაში.


დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ზემოაღნიშნული რეზოლუცია თანამშრომლობის ფართო არეალს და შესაძლებლობებს ქმნის. უახლოეს მომავალში კანადასთან თავდაცვისა და უსაფრთხოევის სფეროში თანამშრომლობა ახალ საფეხურზე შეიძლება ავიდეს, განსაკუთრებით ჰიბრიდული გამოწვევების, დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლის სფეროში. ასევე, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. მნიშვნელოვანია ამ განწყობების კონკრეტულ თანამშრომლობის მექანიზმებად გარდაქმნა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა, დიპლომატიური კორპუსი და საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს კანადის მთავრობასთან და პარლამენტთან რეზოლუციაში ასახული საკითხების პრაქტიკული რეალიზებისათვის თანამშრომლობის კონკრეტულ მექანიზმებზე მუშაობას“-განაცხადა დეპუტატმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930