გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: „რუსთავი 2”-ის ეთერში გასული სიუჟეტი შეურაცხმყოფელია

3-02-2019

თბილისის მერია და გამგეობები დახმარებას პარტიული ნიშნით არ გასცემენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიის მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.


კახა კალაძემ შეურაცხმყოფელი უწოდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომლის მიხედვით, სოციალურად დაუცველების დახმარებისთვის განკუთვნილი ფული, თითქოსდა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ჩაურიცხეს.


„გავრცელდა არასწორი ინფორმაცია. პათოსი იყო ასეთი - მერი იტყუება თუ გამგებელი? აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტმა როდესაც ამ საკითხზე დამისვა შეკითხვა, ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი დეტალები ამ საქმის შესახებ, სავარაუდოდ თანხა გამგებლის იყო. თუმცა, ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ისე გამოვიდა, რომ ან მე ვიტყუები, ან გამგებელი, რაც, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. ის, რომ ვიღაცამ ვაკის რაიონული ორგანიზაციის ოფისიდან სეიფი მოიპარა, მოსახლეობისთვის დახმარების გაწევასთან საერთოდ კავშირში არაა. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სრული ინფორმაცია არა მხოლოდ გამგეობის, არამედ მთლიანდ დედაქალაქის მერიიდან ყოველთვიურად რამდენ ადამიანს ვეხმარებით. როგორ ფიქრობთ, იქ სხედან ჩვენი თანამშრომლები და არჩევენ ვინ „ქართული ოცნების“, ვინ „ნაციონალური მოძრაობის“, ან სხვა ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელია და პოლიტიკური განწყობების მიხედვით ხდება ადამიანების დახმარება? ეს უბრალოდ შეურაცხმყოფელია და კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი ბრალდება. ჩვენ ესეთი მიდგომები არასდროს გვქონია, არც გვექნება და არც დღეს გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა, ვაკის რაიონის გამგეობა მხოლოდ მმართველი პარტიის მხარდამჭერებს ეხმარება აბსურდი უწოდა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ. მისი განმარტებით, გამგეობიდან დახმარება გაიცემა მოსახლეობის მხრიდან შესული განცხადებების საფუძველზე, რასაც განიხილავს სპეციალური კომისია. მისივე თქმით, დახმარება გაიცემა სხვადასხვა საჭიროებისთვის და მას არა მხოლოდ სოციალურად დაუცველები იღებენ.


ნოდარ ტურძელაძის განცხადებით, არსებობს პრიორიტეტული ჯგუფები და კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ადამიანები დახმარებას საჭიროებენ.

„მტკნარი სიცრუე და აბსურდია ის, თითქოსდა გამგეობა მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრებს ეხმარება. წლის განმავლობაში სოციალური დახმარების წესის მიხედვით, ათასობით ადამიანს ვეხმარებით და შესაბამისად, პარტიული ნიშნით არავის ვარჩევთ. სიუჟეტში ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც დახმარება გადაეცა, ამბობს რომ საარჩევნო პროცესში ჩართული იყო, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ის პარტიის კოორდინატორი არ ყოფილა. საპრეზიდენტო არჩევნებში ვაკის რაიონში 40 ათასმა ადამიანმა მისცა ხმა. რა თქმა უნდა, გამგეობის დახმარების ნაწილში ისინიც მოხვდებოდნენ. პარტიული ნიშნით ადამიანები არც ადრე დაგვიყვია და არც მომავალში დავყოფთ. სიუჟეტში იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ გამგეობა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს უნდა დაეხმაროს, თუმცა შესაბამის წესში წერია, რომ სოც. დაუცველებთან ერთად, არსებობს პრიორიტეტული ჯგუფები და კონკრეტულ შემთხვევაში, თუ მათ დახმარება ესაჭიროებათ, გამგეობას მიმართავენ. ისინი წლების განმავლობაში იღებდნენ დახმარებას. ეს მხოლოდ 2018 ან 2019 წელს კი არა, წინა წლებშიც ასე იყო. ამ კონკრეტულმა ადამიანებმაც, რომლებიც დახმარებას საჭიროებდნენ, მომართეს გამგეობას. წესისამებრ, კომისიამ მათი საკითხი განიხილა და დახმარების გაცემა ამის მიხედვით მოხდა“, - განმარტა ნოდარ ტურძელაძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930