6-02-2019
სტატიაში, რომელიც პოლონურ ჟურნალ «New Eastern Europe»-ში გამოქვეყნდა, გაანალიზებულია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
„მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია გვესმის ქება-დიდება საქართველოს წარმატებული გზის შესახებ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მიზნით, ნატოში ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა საერთო პოზიცია სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს ალიანსში მიღების კონკრეტული ვადების საკითხში. შესაბამისად, პროცესის გაჭიანურებას თუ გავითვალისწინებთ, ისმება კითხვა: რამდენად რეალურია საქართველოს მიღება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში? განა უმჯობესი არაა თბილისმა თავი დაანებოს ნატოში გაწევრიანებიას მცდელობას და მეტი ყურადღება დაუთმოს აშშ-სთან ურთიერთობის გაღრმავებას?“ - წერს სტატიის ავტორი, სომეხი პოლიტოლოგი ედუარდ აბრამიანი, ერევნის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტრანსატლანტიკური პროგრამების დირექტორი.
პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა, საქართველოს მიღების საკითხები ნატოს უმაღლესი დონის სამიტებზე. ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ბოლოდროინდელი განცხადებები.
ნატოს მიერ კოლექტიური უგულვებელყოფა იმაზე მეტყველებს, რომ ერთი მხრივ, ალიანსი შერჩევით პოლიტიკას იყენებს „ნატოს ღია კარის“ პოლიტიკის მიმართ, რაც საქართველოს მიზნებს განუხორციელებელს ხდის და მეორე მხრივ - ნატოს გაუბედავი და „ფეხაკრეფით სიარული“ საქართველოს ირგვლივ, ალბათ, უფრო მეტადაა დაკავშირებული რუსეთის პოზიციასთან და მის მიერ აღიარებულ [საქართველოს] პერიფერიებთან. იმის მიუხედავად, რომ ნატოს არასოდეს საჯაროდ არ უღიარებია მოსკოვის ფაქტორის არსებობა, რუსეთის დილემა ყოველთვის არსებობს მაშინ, როცა ნატოს სამიტებზე საქართველოსა და უკრაინის საკითხს იხილავენ, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
რა თქმა უნდა, ნატოს პოზიცია საქართველოსთვის მიუღებელი იყო. მართალია, 2014 წლის უელსის სამიტზე საქართველოს სტატუსი მოუმატეს - მას „არსებითი შესაძლებლობების მქონე პარტნიორი“ უწოდეს და გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი შესთავაზეს, მაგრამ ეს სტატუსი საქართველოს, ფაქტიურად არაფერს აძლევს ნატოს ყველაზე მთავარ პრინციპთან - კოლექტიურ უსაფრთხოებასთან მიმართებით. არადა, თუ ამ სიტუაციას საქართველო-აშშ-ის მჭიდრო ურთიერთობას შევადარებთ, დავინახავთ, რომ თბილისს ვაშინგტონთან დამოკიდებულებით უფრო მეტი სარგებლობის მიღწევა შეუძლია, რასაც დღეს საქართველოს უსაფრთხოების პარადიგმა ითხოვს, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
ავტორი აანალიზებს თბილის-ვაშინგტონის თანამშრომლობის ძირითად მომენტებს, განსაკუთრებით აქცენტს აკეთებს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე, აგრეთვე აშშ-ის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლებიც ამერიკის მთავარ მოკავშირეობას გულისხმობს ნატოში გაწევრიანების გარეშე („მთავარი მოკავშირე ნატოს ფარგლებს გარეთ“ - Major Non-NATO Ally (MNNA).
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მიიჩნევს - MNNA მას ნატოში გაწევრიანების სურვილს ვერ შეუცვლის, სტატიის ავტორი აზრით, სწორედ ასეთი სტატუსი და მისი განმტკიცება, მისი რეალური განხორციელება იქნება საუკეთესო საქართველოსათვის. MNNA-ის რელიზება უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო სფეროში ინვესტიციების ჩადებას და რეგიონის მყიფე უსაფრთხოების სტაბილიზებას. საქართველოსადმი აშშ-ის დახმარება მისი მეზობლებისთვისაც სასარგებლო იქნება, რომელთა თვალში ვაშინგტონის ავტორიტეტი განმტკიცდება. გარდა ამისა, ეს იქნება სიგნალი რუსეთისთვისაც, რომ მან თავი უნდა შეიკავოს აგრესიული პოლიტიკის გატარებისაგან რეგიონში. MNNA-ს სტატუსი საქართველოსთვის ამერიკისთვის მომგებიანია კიდევ ერთი მიმართულებით - რუსეთთან შავი ზღვის აკვატორიაში კონკურენციის მიზნით.
როგორც ავტორი დასკვნის სახით სტატიის დასასრულს წერს, მოსკოვი დიდი ხანია გამოდის ნატოს გაფართოების წინააღმდეგ, განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ რუსეთს არასოდეს მიუქცევია ყურადღება აშშ-სათვის საქართველოს ბლოკგარეშე მოკავშირეობის საკითხზე, მისთვის მთვაარია ნატოში გაწევრიანებისათვის ხელის შეშლა. და რადგანაც, პრინციპში, MNNA არ ცვლის სტატუს-ქვოს კავკასიაში, აქედან გამომდინარე, საქართველო მეტ სარგებლობას მიიღებს.