გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: უახლოეს პერიოდში ჭიდაობის ფედერაციის გაფართოებული პრეზიდიუმის სხდომა გაიმართება

7-02-2019

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ჭიდაობის ფედერაციაში არსებული დაპირისპირების მოგვარების გზებზე იმსჯელეს და კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღეს.


მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ჭიდაობის ფედერაციის გაფართოებული პრეზიდიუმის სხდომა გაიმართება, რომელზეც მოჭიდავეები და სპორტსმენები ფედერაციაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობას და დისკუსიას გამართავენ.


„ჭიდაობის ფედერაციამ წლის საუკეთესო ფედერაციის ტიტული მოიპოვა და სხვადასხვა ტურნირებში არაერთი ჩემპიონი და წარმატებული მოჭიდავე გვყავს. ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს და მთავარი მოტივია სტაბილურად განვითარდეს როგორც სპორტსმენების წარმატებები, ასევე ფედერაციის საქმიანობა. რაც შეეხება იმ არასასიამოვნო ინცინდენტს, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, დარწმუნებული ვარ, იგი არავის ინტერესში შედიოდა, თუმცა სამწუხაროა, რომ აღნიშნული ფაქტი მოხდა. როგორც ზურაბ დათუნაშვილთან, ასევე გეგა გეგეშიძესთან აღნიშნულ ინცინდენტზე გულწრფელად ვისაუბრეთ. შემომთავაზეს, რომ ჭიდაობის ფედერაცია, უახლოეს დღეებში, ფართო შემადგენლობით მოიწვევს პრეზიდიუმს და ის ადამიანები ვინც ქმნიდნენ ჭიდაობის ეპოქას, ვეტერანი სპორტსმენები და მოქმედი მოჭიდავეები იმსჯელებენ ყველა იმ საკითხზე, რაც ფედერაციაშია შექმნილი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ სფეროში გადაწყდეს და მოგვარდეს პრობლემები და ფედერაციის შიგნით, მსჯელობის და დისკუსიის შედეგად იქნეს მიღებული გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ მთავარია ის წარმატებები, რომლებიც გვქონდა, კვლავ გაგრძელდეს და არც ერთი მოჭიდავე არ იყოს დაჩაგრული და ყველა სპორტსმენს ქონდეს სრულყოფილად მომზადების და ასპარეზობის საშუალება. ეს არის ყველა ჩვენთაგანის საერთო საკეთებელი საქმე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.


ზურაბ დათუნაშვილთან მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა და მოჭიდავეს, ლიცენზიების მოპოვების მიზნით, ვარჯიშის გაგრძელება შესთავაზა.


„კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ არსებული ვითარება. შევჯერდით, რომ ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა და ყველა საკითხზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, ვნანობ აღნიშნულ ინცინდენტს და ახლა მთავარია ვითარების დასტაბილურება, რადგან ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვების წელია და სპორტსმენმა უნდა გააგრძელოს ვარჯიში“, - აღნიშნა გეგა გეგეშიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031