13-02-2019
სტატიაში განხილულია საქართველოს მმართველ პარტიაში - „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესები: „პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მცდელობა პოლიტიკური ორგანიზაციის ერთიანობის შენარჩუნების მიზნით ისევ უშედეგო აღმოჩნდა: „გუნდური მუშაობის“ პრინციპი საბოლოოდ დარღვეულია, პარტიის ცნობილმა წარმომადგენლებმა (ცხრა წევრმა!) უკვე ლაპარაკი დაიწყეს მმართველი ძალიდან წასვლაზე. „რასკოლნიკ-უკლონისტების“ ახალ ინიციატივას შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს - „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს. როგორც ჩანს, პარტიიდან წამსვლელებს მხარს უჭერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილიც“, - ნათქვამია რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციაში განმარტებულია პარტიული განხეთქილების მიზეზები - დამოკიდებულება მოსამართლეებისა და სასამართლო რეფორმის მიმართ. განსაკუთრებით ვრცლადაა მოცემული ამ საკითხისადმი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას პოზიცია, რომელიც წინააღმდეგია მიხეილ სააკაშვილის დროინდელი მოსამართლეების ისევ თანამდებობებზე დანიშვნაზე, ახლა უკვე სამუდამოდ. მოსამრტლეტა დანიშვნა კი „ქართული ოცნების“ წევრთა უმრავლესობას სურს და, შესაბამისად, ისინი ეკა ბესელიას გუნდური პრინციპის“ დარღვევაში ადანაშაულებენ.
ეკა ბესელიას მხარდამჭერები ჰყავს, მაგრამ როგორც თბილისის მერმა და იმავდროულად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ განაცხადა, ვისაც პარტიიდან წასვლა უნდა, წავიდეს, მათზე ტირილს არავინ დაიწყებს.
მართალია, პარტიის წარმომადგენელები (მაგალითად, დეპუტატი მამუკა მდინარაძე) ირწმუნებიან, რომ ერთიანობის შესანარჩუნებლად ყველაფერი კეთდებაო, მაგრამ სიტუაცია ძალიან რთულია, რაც ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის პოზიციაც ადასტურებს. იგი აცხადებს, რომ წინააღმდეგია უზენაესი სასამართლო ისეთი მოსამართლეებით დაკომპლექტდეს, რომლებსაც საეჭვო ბიოგრაფიები აქვთ და თუ მაინც ისე მოხდება, როგორც უმრავლესობას სურს, მაშინ იგი პოლიტიკიდან წასვლას არ გამორიცხავს.