13-02-2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ თურქ კოლეგასთან - ქვეყნის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ბინალი ილდირიმთან გამართა.
პირისპირ და შემდეგ, გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი სტრატეგიული და პარტნიორული ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება საპარლამენტთაშორისო კავშირებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებაზე გამახვილდა.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის კულტურული და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას და ამ კუთხით არსებულ პოტენციალს.
მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და თურქეთს შორის მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა.
დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ თურქეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე საქართველოს დასავლური მისწრაფებების მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
როგორ შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი ორი სახელმწიფოსთვის სტრატეგიული და ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს შეეხო.
„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას და მეგობრობას. პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით, ამას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, ვიმსჯელეთ ჩვენი ურთიერთობის, მეგობრობის ყველა ასპექტზე, დაწყებული პოლიტიკური თანამშრომლობით, გაგრძელებული ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობებით. ჩვენი თანამშრომლობის თითოეული ეს განზომილება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ასევე, რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა ჩვენი ორი სახელმწიფოსთვის სტრატეგიული და ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე. მათ შორის, ჩვენ, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე და ჩვენს თურქ კოლეგას მადლობა გადავუხადეთ იმ თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამ მიმართულებით ვგრძნობთ ჩვენი თურქი მეგობრების მხრიდან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.