28-01-2018
რუსული გამოცემის, «КоммерсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გაშუქებულია კიევში გამართული სასამართლოს სხდომა, რომლის დროსაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სავარაუდო ექსტრადირების საკითხი იხილებოდა.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ იანინა სოკოლოვსკაიას ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილმა სიტუაციით ისარგებლა და სასამართლოს სხდომაზე სკანდალური განცხადებები გააკეთა: „სასამართლოს პატივს ვცემ, მაგრამ არა უკრაინულ სასამართლო სისტემას, რომელიც შესაცვლელია“. საქართველოს ექს-პრეზიდენტის თქმით, უკრაინიდან მისი გაძევების სცენარი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწერა და ამ საქმეში მთავარი როლი პეტრო პოროშენკომ შეასრულა. ცხადია, მისი ასეთი განცხადება ძალიან მოეწონათ დარბაზში მყოფ მიხოს მომხრეებს: მათ უკრაინის ჰიმნი იმღერეს წამოყვირებებით - „სირცხვილი პოროშენკოს!“, „სიკვდილი ბარიგებს!“. ასეთ სიტუაციაში სასამართლოს სხდომის გაგრძელება შეუძლებელი შეიქმნა და მოსამართლეებმა შესვენება გამოაცხადეს.
როგორც „კომერსანტს“ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, არსებობს ყველანაირი კანონიერი საფუძველი მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში ექსტრადირებისათვის. „ერთი ღია საკითხი რჩებოდა: რომელ ქვეყანას გადაცემოდა - საქართველოს თუ პოლონეთს, საიდანაც იგი უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ შემოვიდა? პოლონეთის საკითხი მოიხსნა, რადგან საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რამდენიმეჯერ გვთხოვა მისი ექსტრადიცია. ჩვენ არანაირი იურიდიული მიზეზი არ გვაქვს უარი ვუთხრათ საქართველოს“.
ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღიარებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის კიევში ყოფნა, ელექტორალური თვალსაზრისით, უკრაინის პრეზიდენტისა და მისი პოლიტიკური ბლოკისათვის მომგებიანია. „ფაქტიურად, მიხეილ სააკაშვილი პარტია „ბატკივშინისა“ და სხვა ოპოზიციური ორგანიზაციების საქმეს აკეთებს, რომლებიც პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოდიან. ასეთი მოთამაშე ჩვენთვის სასარგებლოა, [რომ ყველამ დაინახოს მისი ნამდვილი სახე]. ამიტომაც მისი ექსტრადირება ან დეპორტაცია ყველაზე ნაკლებად მომგებიანია“, - აცხადებს „კომერსანტის“ ერთ-ერთი მოსაუბრე, - თუმცა რას ვიზამთ - კანონი კანონია, მისი მოთხოვნა - ექსტრადიცია - უნდა შესრულდეს“.
თუმცა უკრაინელი პოლიტოლოგების აზრით, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი ვითარება პეტრო პოროშენკოსათვის სასურველი არ უნდა იყოს: „ამ საკითხში უკრაინის ხელისუფლების გაურკვეველი, გაუბედავი, არათანმიმდევრული მოქმედება კიდევ უფრო აქვეითებს მის მიმართ მოსახლეობის ნდობის ისედაც დაბალ დონეს“, - განუცხადა „კომერსანტს“ კიევის გლობალური სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორმა ვადიმ კარასევმა.