15-02-2019
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას მშენებლობის კოეფიციენტების რეგულირებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს.
„თბილისი წლების მანძილზე შორდებოდა განვითარების სივრცით-არქიტექტურულ, გეგმარებით, ვიზუალურ და ზოგადად სისტემურობის თვალსაზრისით განსაზღვრულ პოლიტიკას და ამაში თავისი დიდი როლი ითამაშა ისეთმა მავნებლურმა ინსტრუმენტმა როგორიც იყო K2.
ასეთმა ზედაპირულმა მიდგომებმა გამოიწვია ქალაქის ურბანული განვითარების ერთგვარი კრიზისი.
K2-მა თბილისს დაუკარგა თავისი ურბანული ფუნქცია და ფორმა და ამიტომ მივესალმებით ამ მავნებლური ინსტრუმენტის პრაქტიკიდან განდევნას.
ცხადია, მხოლოდ გაუქმებით ამოცანა ვერ მიიღწევა. ჩვენ ვიცით, რომ დედაქალაქის მუნციპალიტეტი გააგრძელებს სამუშაოს ახალი გენგეგმის პირობებში, რომ მივიღოთ პროგნოზირებადი ურბანული პოლიტიკა, რომელიც შესაბამისობაში იქნება ქალაქის ფორმებთან და მისი ჰარმონიული განვითარების ამოცანებთან.
ამასთან, შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული საკანონმდებლო სამუშაოც, რისთვისაც პარლამენტი მზად არის“ - განაცხადა გაბუნიამ.