15-02-2019
საქართველოს პარლამენტის წევრი, ილია წულაია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას მშენებლობის კოეფიციენტების რეგულირებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს.
„კახა კალაძის და თბილისის მერიის დღევანდელი გადაწყვეტილება კ2 კოეფიციენტის გაზრდის გაუქმების შესახებ რადიკალურად შეცვლის თბილისის განვითარებას. აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით:
პირველ რიგში წერტილს დაუსვამს ქაოტურ განაშენიანებას - აშენდება მხოლოდ იმ მასშტაბის შენობები, რომელიც კონკრეტულ უბანს შეესაბამება, როგორც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ისე ზომით. მეორეს მხრივ, ერთიან თამაშის წესებს დაამკვიდრებს ყველა დეველოპერული კომპანიისთვის - არავის არ ექნება იმის განცდა, რომ ვინმე უპირატეს მდგომარეობაშია და იმატებს კოეფიციენტს ხოლო სხვა ვერ ახერხებს და ზარალდება.
მე მივესალმები ამ თამამ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ თბილისის განვითარება სწორი მიმართულებით გაგრძელდება“ - განაცხადა ილია წულაიამ.