გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით ყველას მოვუწოდებ, პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავოს

17-02-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყველას მოუწოდებს, "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.


როგორც მთავრობის მეთაურმა ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ეროვნულმა ბანკმა, როგორც მარეგულირებელმა, მიიღო გადაწყვეტილება და თუ ვინმეს ამ საკითხზე პრეტენზიები აქვს, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდა დასახელდეს.


"სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. "თიბისი ბანკი" არის სისტემური მნიშვნელობის, ძლიერი ფინანსური ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ის, რომ "თიბისი ბანკი" წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ჩვენი ეკონომიკის წარმატებაა და ეს ყველას კარგად აქვს გააზრებული. ეროვნულმა ბანკმა, როგორც რეგულატორმა მიიღო გადაწყვეტილება და ბუნებრივია, მე მის შინაარსობრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვიცი ერთი რამ - ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს ძალიან მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვით და ეს არის ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პოზიცია. "თიბისი ბანკი" არის ძლიერი, სისტემური ბანკი და ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი არა მხოლოდ ფინანსური სექტორისთვის, არამედ ზოგადად ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის. აქედან გამომდინარე, მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან. ეს არის ძალიან ჩარჩოში მოქცეული პროფესიული მიდგომებიდან შესაფასებელი სიტუაცია და მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მარეგულირებელმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს აქვს პრეტენზია ამ საკითხზე, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდა ისმოდეს და არა პოლიტიკური სპეკულაციები. ეს ნამდვილად არ წაადგება საქმეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მამუკა ბახტაძის შეფასებით, ასევე ძალიან ცუდი სპეკულაციაა აღნიშნული თემის დაკავშირება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან.


"მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი გახლავთ ამ უმნიშვნელოვანესი იდეის ინიციატორი და ჩვენ, როგორც მთავრობა, ყველა ფინანსურ ინსტიტუტთან აქტიურად ვსაუბრობთ, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყოს საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსება. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და ამავე დროს რეგიონისთვის. ჩვენ შევძელით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად ყველა წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა გაითვალისწინა ანაკლია და მიმდინარეობს მისი დაფინანსების განხილვა. შესაბამისად, ამ საკითხის პოლიტიკურ სპეკულაციებში გადატანა, რა თქმა უნდა, სრული უპასუხისმებლობაა. საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და აუცილებლად ექნება ის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031