18-02-2019
ყოველთვის არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება ან ეომება პროგრესს. არ მინდა ვთქვა, რომ ესენი მტრები და ვიღაცის აგენტები არიან, მაგრამ სამწუხაროა, რომ დღესაც კი ამ რეალობაში ვართ, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ბიზნესმენმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არსებულ რისკებზე დასმულ კითხვას უპასუხა.
„ჩერჩილს აქვს კარგი ნათქვამი, თუ გინდა, მიზნამდე მიხვიდე, ყველა ძაღლს არ უნდა მოუქნიო ჯოხი, თორემ ვეღარსად მიხვალ. შედარებაში არ ჩამომართვათ, უბრალოდ ციტატაა ასეთი. დღეს არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს. ეს არის პრობლემა. მე გარე საფრთხეების კი არ მეშინია, მეშინია შიდა საფრთხეების, როგორც ქართველს, რადგან ძალიან ბევრჯერ ახლოს ვიყავით წარმატებასთან და სწორედ შიდა რაღაცების გამო, რომელიც ხშირად იმართება სხვადასხვა ძალით, ქვეყნის უკან დაწევა ხდება. ეს საკმაოდ დამაფიქრებელი რამ არის და უნდა ამოვხსნათ, რა გვჭირს ქართველებს, რომ სულ დაპირისპირებაში ვართ და როცა ვიღაცას წარმატება აქვს, იმას ვებრძვის", – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.