18-02-2019
ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი, ჟურნალ Forbes-უკრაინის“ ყოფილი რედაქტორი და ამჟამად ინტერნეტ-ტელევიზიის «TV Krym – Критичне мислення»-ს ხელმძღვანელი ვლადიმერ ფედორინი ბრიუსელში (ბელგია) საქართველოს ექს-პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და ესაუბრა, რომლის ვიდეოჩანაწერი 17 თებერვალს ინტერნეტში გამოქვეყნდა.
საუბრის თემატიკა საკმაოდ ფართოა: პოლიტიკური სიტუაცია საქართველოსა და უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებისა კი პირადად ბიძინა ივანიშვილისადმი, ქართული დიასპორის ყრილობა და შეფასებები, როგორ უყურებს მიხეილ სააკაშვილი იმ ადამიანებს, რომლებიც მას აკრიტიკებენ და ა.შ.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ საუბრის შინაარსს:
კითხვაზე, რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს ექს-პრეზიდენტი ოპოზიციაში ყოფნისას და იოლია თუ არა ხელისუფლებიდან წასვლა, მიხეილ სააკაშვილი პასუხობს: „ხელისუფლებისაგან გადაჩვევა ადვილია, განსაკუთრებით პატარა ქვეყნებში, მაგრამ თუ როგორ ნადგურდება შენს მიერ შექმნილი, იმას ვერასოდეს მიეჩვევი. ეს არ უნდა დაუშვა“.
რაც შეეხება ქართული დიასპორის ყრილობას, რომელიც ლიეჟში ჩატარდა და ექს-პრეზიდენტის საქართველოში შესაძლო დაბრუნებას: „საქართველოს მმართველმა პარტიამ ლიეჟში გამოგზავნა ჭუჭყიანი ტრიუკების მომწყობი სპეციალისტთა ბრიგადები, დაახლოებით ექვსი გუნდი, რომელთა მიზანს ღონისძიების ჩაშლა და პროვოკაციების მოწყობა წარმოადგენდა. იყვნენ რუსული არხებიც... ეს პოლიტიკური არსებობისთვის ბრძოლაა... მე საქართველოში არ მიშვებენ, რადგან ხელისუფლებას ჩემი ეშინია. მე არც ლტოლვილი ვარ და არც პოლიტემიგრანტი. მე მზად ვარ უკრაინელ და ქართველ სამართალდამცველებს შევხვდე, მაგრამ საჯაროდ, პროჟექტორების შუქზე, საზოგადოების წინაშე. როცა მე კიევში ბორკილები დამადეს და გამიტაცეს, პეტრო პოროშენკომ საქართველოს ხელისუფლებას უთხრა, რომ გადმოგცემთო, მაგრამ თბილისმა უარი თქვა ჩემს მიღებაზე, შეეშინდათ. პოლონეთის ხელისუფლებამ შემომთავაზა, პოლიტიკურ თავშესაფარს მოგცემთო, მაგრამ უარი ვთქვი. პარადოქსული ვითარებაა: საქართველოს ხელისუფლება მასამართლებს, მაგრამ არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩავიდე და ციხეში ჩავჯდე. საერთოდ კი, თუ დამიჭერენ და ციხეში ჩამსვამენ, ხელისუფლება 72 საათში დაემხობა“.
ჟურნალისტის კითხვაზე, „ხომ არ ნანობთ იმას, თავის დროზე (პრეზიდენტობის პერიოდში), ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან რომ არ გააძევეთო“, მიხეილ სააკაშვილი პასუხობს: „დიახ, ვნანობ. ერთმნიშვნელოვნად. მასთან, ოლიგარქთან, ცერემონიები და ლოიალობა საჭირო არ იყო. მეორე მხრივ, იცით, მინდოდა საზოგადოებას დაენახა, თუ რას გააკეთებდა იგი ხალხისათვის. მან ხელში ჩაიგდო ბიუჯეტის ფული და ამ ფულთან დაკავშირებული სქემები. იგი ხალხს დემოკრატიას დაპირდა, რომლითაც ევროპას გააკვირვებდა და მართლაც გააკვირვა, როცა მან ლიეჟში „ტიტუშკები“ გამოგზავნა. ასეთ რამეს ვიქტორ იანუკოვიჩიც კი არ გააკეთებდა. ბიძინა ივანიშვილმა თავისი მოქმედებით საქართველო ადრინდელ [2003 წლის დროინდელ] მდგომარეობას დაუბრუნა“.
მიხეილ სააკაშვილი ლაპარაკობს „უსამართლოდ“ და „კანონდარღვევით“ დასჯილ თავის თანაპარტიელებზე, ყოფილი თანამდებობის პირებზე, რომლებიც რატომ და რისთვის დასაჯა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ, არავინ არ იცის. იგი ასევე იხსენებს თავისი მთავრობის იმ წევრებს, რომლებიც პატიოსნად მუშაობდნენ და მექრთამეები არ იყვნენ. „ისინი დღეს სხვადასხვა ქვეყნებში არიან დასაქმებული. მაგალითად, ჩემი მთავრობის ვიცე-პრემიერი დღეს აშშ-ში მოხუცს უვლის, ერთი ყოფილი მინისტრი ამჟამად ავტოფურის მძღოლია... ზოგიერთი უკეთესად მოეწყო, მაგალითად, ვერა ქობალია - იგი ინდონეზიის მთავრობის მთავავრი მრჩეველი იყო, კარგ ხელფასს უხდიდნენ. ასევე გილაური, შაშკინი, რომელიც ახლა უზბეკეთში მუშაობს. ზოგიც მოლდოვაშია, ზოგი ალბანეთში, ზოგიც უკრაინაში დარჩა“.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი საუბრობს როგორც საკუთარ პოზიტიურ მხარეებზე, ასევე კრიტიკოსებზეც და მათ „კრეტინებად“ მოიხსენიებს: „ჩემს გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე, მაგალითად, რომელსაც არც მოქალაქეობა მაქვს, არც პასპორტი, არც ფული, მაინც მაფასებენ. მე ზოგი ბელადად მთვლის, მაგრამ მე ბელადი არ ვარ. არიან კრიტიკოსებიც: ამას წინათ ერთ-ერთმა მეორეხარისხოვანმა ამერიკელმა მოღვაწემ ჩემს საქმიანობას შეფასება მისცა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილიც ერთნაირები არიან, ორივეს საქართველო მძევლად ჰყავთ აყვანილიო და როცა ჩემმა ნაცნობმა ჰკითხა, როგორ ჰყავთ მძევლადო, მან უპასუხა, რომ ორივე მილიარდერები არიან და თავიათი მექანიზმებით საქართველოს მართავენო. მოკლედ, იმ ამერიკელ კრეტინს ჰგონია, რომ მე მილიარდერი ვარ. იგი ვერ ხვდება, რომ არსებობს იდეებით სიმდიდრეც, ვერ ხვდება, რომ ყველაფერი ფულში არ გამოიხატება, ადამიანი იდეებითა შეიძლება მდიდარი იყოს. ასეთი ადამიანებისთვის იდეურობა მხოლოდ პოპულიზმია და მეტი არაფერი. დღეს ამერიკაში ასეთი კრეტინები მომრავლდა. აშშ-ის იმ უმაღლეს სასწავლებელში, სადაც მე ვასწავლიდი, დღეს შარლატანებს ზრდიან“.
ვლადიმერ ფედორინი საუბრის დროს შეეხო აგრეთვე იულია ტიმოშენკოს მიმართ მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას და გაიხსენა, როცა 2009 წელს უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, ჟურნალისტების წინაშე, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმული კითხვის პასუხად, ჰალსტუხის „ჭამის“ ხსენებაზე, „ჩაიხითხითა“. „მე ეს არ მწყინს, რადგან იქ მანიპულირება მოხდა. ჯერ ერთი, რომ ვლადიმერ პუტინმა მოვლენა თავისებურად წარმოადგინა და იმ მომენტში, სუფთა დრამატურგიული თვალსაზრისით, იულია ტიმოშენკომ შესაძლოა შეცდომა დაუშვა, მაგრამ ფაქტია, რომ იმ დროს უკრაინამ ჰუმანიტარული დახმარება გაგვიწია. ისე კი, რეალურად ასეთი სიტუაცია იყო: იულია ტიმოშენკოს ვიქტორ იუშენკოსთან სამკვდრო-სასიცოცოლო შეტაკება ჰქონდა. ვიქტორ იუშენკო ძალიან მაგრად მოიქცა - ჩამოვიდა საქართველოში, მხარი დაგვიჭირა, მე მას უზომოდ ვემადლიერები...
მაგრამ იმ დროს მათ შორის შიდაპოლიტიკური ბრძოლა ჰქონდათ... ვიმეორებ, რომ იულია ტიმოშენკოს მთავრობამ ჩვენ ჰუმანიტარული დახმარება მოგვცა, მაგრამ ვლადიმერ პუტინმა სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენა - „გათიშე და იბატონეს“ პრინციპით. საერთოდ, [იმ მომენტში] მე არ შემინიშნავს, რომ იულია ტიმოშენკო საქართველოს წინააღმდეგ გამოვიდა“.
წყარო: «TV Krym – Критичне мислення» (უკრაინა)