18-02-2019
წიგნის გამავრცელებელთა ევროპული და საერთაშორისო ფედერაცია, ევროპის მწერალთა საბჭო და ევროპელ გამომცემელთა ფედერაცია ევროპული კომისიის (ევროკავშირის) ორგანიზებით აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს მწერლებისთვის, რომლებსაც ერთი ან რამდენიმე წიგნი უკვე აქვთ გამოქვეყნებული, მაგრამ სალიტერატურო კრიტიკისა და ფართო მკითხველის ფოკუსში ჯერ არ მოხვედრილან (emerging authors). 2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის მოსაპოვებლად “შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნებისთვის.
2019 წელს პრიზის მოსაპოვებლად შერჩეულ იქნა 14 ქვეყანა: ავსტრია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველოს, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიტვა, რუმინეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა. საქართველო და უკრაინა წელს პირველად მონაწილეობენ ამ კონკურსში, მიუხედავად იმისა, რომ პრემია მეთერთმეტედ გაიცემა.
კონკურსში მონაწილე თითოეულ ქვეყანაში შეიქმნა სპეციალური ჟიური, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს. საქართველოში შერჩეულ იქნა 5 კაციანი ჟიური შემდეგი შემადგენლობით: ნატალია ლომოური, მწერალთა სახლის დირექტორი, მედეა მეტრეველი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თინათინ ბერიაშვილი, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორი, პაატა შამუგია, პოეტი და მთარგმნელი, საქართველოს პენ-ცენტრის პრეზიდენტი, დათო ბარბაქაძე, მწერალი და მთარგმნელი.
გამარჯვებული გამოვლინდება თოთხმეტივე ქვეყანაში და მიიღებს ფულად ჯილდოს 5 000 ევროს ოდენობით. გამარჯვებული ავტორების ტექსტები გამოიცემა ინგლისურად და ფრანგულად და გამოქვეყნდება ერთ კრებულად.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ნახეთ ამ ბმულზე.