გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კალაძე: აქტიურად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენი ღირსშესანიშნაობების შესახებ სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობას

20-02-2019

კახა კალაძე: თბილისის მერია ტურისტული მიმართულებით აქტიურად მუშაობს
10:06 20.02.2019


დედაქალაქის მერია ტურისტული მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რათა თბილისი პოზიციონირდეს , როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი მსოფლიოში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მოქალაქე სალომე ლემონჯავას შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.


როგორც მან ვიდეოდიალოგის დროს აღნიშნა, უახლოეს მომავალში გაიმართება პრეზენტაცია, თუ როგორ მოხდება თბილისის წარმოჩენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.


„აქტიურად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენი ღირსშესანიშნაობების შესახებ სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობას, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩამოვიდეს და მეტი თანხა დახარჯოს, რომელიც, რა თქმა უნდა, ქვეყნის ბიუჯეტში მიიმართება. ჩვენ მეტი შესაძლებლობა გვექნება ქალაქის მოსახლეობისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. ტურისტული მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს. უახლოეს მომავალში პრეზენტაციას გავმართავთ, თუ რას ვაპირებთ და როგორ გვინდა თბილისის წარმოჩენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.


აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ღამის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა, თუმცა აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.


„ტურიზმის განვითარების კუთხით, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ღამის ეკონომიკა ერთმნიშვნელოვნად ეს არის კომუნიკაცია მერიასა და მცირე ბიზნესს შორის, კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ტურიზმთან და ა.შ. პირველი პროექტები უკვე განხორციელბულია. მაგალითისთვის, ეს არის N222 „ღამის ავტობუსი“, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს. ღამის ეკონომიკის განვითარება არ არის მხოლოდ ტურიზმზე ან გართობაზე ორიენტირებული ადამიანებისთვის, რადგან სარგებელი უნდა მიიღოს ადგილობრივმა მოსახლეობამაც, რომელიც ღამის საათებშია დასაქმებული. N222 ავტობუსით კი, სწორედ ჩვენი მოსახლეობა სარგებლობს“, - განმარტა სოფიო ხუნწარიამ.


მისივე თქმით, კიდევ ერთი პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება და რომელთან დაკავშირებითაც ინტერესს მცირე ბიზნესის წარმომადგენლები გამოხატავენ, კონკრეტულ ლოკაციაზე ე.წ. Food Trucks-ების განთავსებაა.


„ე.წ. Food Trucks-ები ერთ-ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე გაიშლება. ღამის კვების ობიექტების განვითარების მიმართულებით, საკმაოდ დიდი ინტერესია, რომელიც მოსაწესრიგებელია, რადგან ღამის ცხოვრების მხრივ მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია. იმ გამოწვევებს, რომელიც ამ მიმართულებით დგას, უნდა ვუპასუხოთ“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.


მისივე ინფორმაციით, თბილისის ათივე რაიონში ასევე, ჩატარდება კვლევა, რომელიც თითოეული რაიონის პოტენციალს შეისწავლის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს დედაქალაქის რაიონები ღამის ეკონომიკის კუთხით.


თბილისის მერმა, მოადგილეებთან ერთად, მოსახლეობის კითხვებს ვიდეოდიალოგის საშუალებით უპასუხა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930