გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალი კანონპროექტის მიხედვით, არასრულწლოვანის გაუპატიურებისას, უვადო პატიმრობაც იქნება გათვალისწინებული

25-02-2019

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობას და ე.წ. პედოფილიას ეხება. ნათია მეზვრიშვილის თქმით, შეიქმნება ბაზები, რომელიც საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს ამ დანაშაულისთვის სასჯელმოხდილი ადამიანების ქცევა. მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით გამკაცრდება სანქციები და არასრულწლოვანის გაუპატიურების შემთხვევაში უვადო თავისუფლების შეზღუდვაც იქნება გათვალისწინებული.


"არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების ბაზაზეა საუბარი, რომელიც შეიქმნება იმ კანონის საფუძველზე, რომელიც ჩვენ მთავრობაზე წარვადგინეთ. ეს კანონი მალე განსახილველად პარლამენტში გადაიგზავნება. საუბარია იმაზე, რომ მოზარდების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების პრევენცია უფრო მეტად მოვახდინოთ. იმიტომ, რომ სტატისტიკური მაჩვენებლები გაზრდილია. ეს ძირითადად განპირობებულია მიმართვიანობის მაჩვენებლის ზრდით. სულ უფრო მეტი მოზარდი, მათი ოჯახის წევრი, პედაგოგი, მასწავლებელი, მანდატურის სამსახური, ფსიქოლოგი მოგვმართავს, რაც დადებითი ტენდენციაა. საზოგადოების ცნობიერება ამაღლდა. ეს ბაზა შეიქმნება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სექსუალური მოძალადეების ქცევა, მას შემდეგ რაც ეს ადამიანები სასჯელს მოიხდიან, უფრო აქტიურად გაკონტროლდეს. კონტროლის ფუნქცია ექნება არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ შესაბამის უწყებებს მათი კომპეტენციის ფარგლებში.


მაგალითად, კანონი ითვალისწინებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლების შეზღუდვას. თუ სასამართლო ასეთ შეზღუდვას გამოიყენებს, ბუნებრივია ეს იქნება განათლების სამინისტროს მონიტორინგის სფერო. ე.წ. "პედოფილიაზე" კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს ის კანონპროექტი, რომელიც მთავრობაზე წარვადგინეთ, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის ნაწილში გავამკაცრეთ სანქციები, მაგალითად არასრულწლოვანის გაუპატიურების შემთხვევაში, უვადო თავისუფლების შეზღუდვაც იქნება გათვალისწინებული, რაც აქამდე ასე არ იყო.


სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტს მივესალმებით, უფრო მეტიც ჩვენი აქტიური მონაწილეობით მოხდა ამ კანონპროექტის შემუშავება და შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის კანონი, როგორც კი მიღებული იქნება, ეფექტიანად აღასრულოს, კომპეტენციის ფარგლებში" - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930