29-01-2018
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ტრანსგენდერი ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესაძლო ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს თანაბრად იცავს ყველა ადამიანის უფლებას, განურჩევლად იმისა, როგორია ამ ადამიანების სექსუალური ორიენტაცია და მრწამსი.
„ამ საკითხთან დაკავშირებით, თუკი ვინმეს რამე კითხვის ნიშნები გააჩნია, საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, ცალსახად და სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო და დღევანდელი პოლიცია თანაბრად იცავს ყველა ადამიანის უფლებას, განურჩევლად იმისა, როგორია ამ ადამიანების სექსუალური ორიენტაცია და მრწამსი. თითოეულ ფაქტზე ადეკვატურ რეაგირებას ვახდენთ. გუშინვე, როგორც კი ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ ინციდენტის შესახებ, გამოძიება დავიწყეთ ძალადობის ფაქტზე, გამოვკითხეთ დაზარალებული, დავადგინეთ მოძალადე, დავნიშნეთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. დღესაც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა იმ მოწმის გამოკითხვა, ვისაც საქმესთან დაკავშირებით შეიძლება რამე ინფორმაცია ჰქონდეს. ძალიან მნიშვნელოვანია საქმესთან დაკავშირებული კიდევ ერთი დეტალი, კერძოდ, დაზარალებული აცხადებს, რომ მის მიმართ ძალადობა დისკრიმინაციული ნიშნით განხორციელდა. ყველაფერს აკეთებს საგამოძიებო ორგანო იმისთვის, რომ დაადასტუროს ამ დისკრიმინაციული ნიშნის არსებობა და როგორც კი ამოვწურავთ ამ საგამოძიებო მოქმედებებს, არ არის გამორიცხული, რომ საქმე გადაკვალიფიცირდეს. დაკავებას რაც შეეხება, როგორც კი საგამოძიებო მოქმედებები ამოიწურება, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა, ვინ არის მსხვერპლი, ვინ არის დაზარალებული, ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და თუ საკმარისი საფუძველი იქნება, დავაკავებთ კიდეც. გთხოვთ, არასწორად ნუ მიაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას, ექსპერტიზის ჩატარებას სჭირდება დრო, მოტივის გამოკვეთას სჭირდება დრო და გვინდა, რომ ამ საქმეზე სწორი სამართლებრივი გადაწყვეტილება მივიღოთ“- განაცხადა მეზვრიშვილმა.