გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დღეს საქართველოში წითელას კიდევ 95 000 ვაქცინა შემოვა

28-02-2019

დღეს საქართველოში წითელას კიდევ 95 000 ვაქცინა შემოვა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.


მისივე თქმით, ქვეყანაში წითელას ვაქცინის საკმარისი მარაგია. უფრო კონკრეტულად, საწყობებში დაახლოებით, 170 000-მდე დოზა ვაქცინა ინახება, ქსელში კი 30 000 დოზა ვაქცინაა ჩაშვებული.


ამირან გამყრელიძემ ვაქცინის ჩასატარებლად მიმართვიანობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, 2019 წლის იანვრის შემდეგ, რაც მთავრობის დადგენილებით სასწავლო დაწესებულებებში წითელას ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის რეკომენდაცია გაიცა, ვაქცინირებულ პირთა რაოდენობამ იმატა.


„მას შემდეგ, რაც წითელას დამატებითი ღონისძიებების შესახებ 18 იანვარს მთავრობის დამატებითი განკარგულება გამოიცა, აცრები საკმაოდ ინტენსიური გახდა და დამატებითი აცრა დაახლოებით 90 000-მა ადამიანმა გაიკეთა. საბოლოო ჯამში კი გამოდის, რომ იანვარ-თებერვალში ერთად, რუტინული (სავალდებულო აცრა ბავშვებისთვის) და დამატებითი აცრა ჩაიტარა დაახლოებით, 112 000-115 000-მა ადამიანმა.


მთავრობის დადგენილებამ, სამინისტროს მოწოდებამ და ასევე, ხშირმა საინფორმაციო აქტივობამ თავისი შედეგი გამოიღო. იანვარში დღეში იტარებდნენ 5000-6000 აცრას, ახლა დაახლოებით, საშუალოდ,1200-1500 აცრაზე ვართ, ამიტომ ალბათ, მოსახლეობას კიდევ მოვუწოდებთ და დავიწყებთ აცრებისთვის ინტენსიური სახის მიცემას, რადგან წითელას ახალი შემთხვევები მაინც ყოველდღიურად ფიქსირდება. ყოველდღიურად, წითელას შემთხვევების რაოდენობა 20-25-ს შეადგენს, ამას კი იმუნიზაციის გარდა, ვერაფერი ვერ შეაჩერებს. ჩვენ წელს ვგეგმავთ, რომ დაახლოებით, 300 000 ადამიანი ავცრათ, ამით ალბათ, წითელას არამხოლოდ შევაჩერებთ, არამედ სრული აღმოფხვრისკენ წავალთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


ინტერპრესნიუსი




ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930