1-03-2019
რუსული სამხედრო-ანალიტიკური გამოცემა «Независимое военное обозрение», ვრცელ სტატიას უძღვნის საომარი მოქმედებების დროს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობასა და ანალიზს.
„ბოლო 12 წლის განმავლობაში სამხედრო-საინფორმაციო ოპერაციები ხუთი ომისა და ორი შეიარაღებული კონფლიქტის დროს განხორციელდა: ისრაელის მიერ ლიბანის მეორე ომის დროს 2006 წელს, ღაზას სექტორში 2009 და 2012 წლებში, საქართველოს ომში სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ 2008 წელს, აშშ-ისა და ნატოს ინტერვენციის დროს ლიბიაში 2011 წელს, სირიის ომში - 2011-2018 წლებში და უკრაინის სამოქალაქო ომის დროს, 2014-2018 წლებში“, - ნათქვამია ვრცელ სტატიაში, რომლის ავტორია რუსი სამხედრო ანალიტიკოსი, პოლკოვნიკი ანატოლი ციგანოკი. იგი აანალიზებს საინფორმაციო ომების მიმდინარეობას, მათ სპეციფიკას და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთ კომპონენტს - მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლსა და მის მნიშვნელობას.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
--------
კავკასიური მიმართულება
უნდა ვაღიაროთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ამბების დროს რუსეთმა საინფორმაციო ომი პირწმინდად ყველა ეტაპზე წააგო. სავარაუდოდ, პირველად პოსტსაბჭოთა ისტორიაში, რუსეთმა მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობის თვალში თავისი ავტორიტეტი დაკარგა. რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ომს სამართლიან ომად აღიქვამდა და თვლიდა, რომ რუსეთის არმიამ „მშვიდობაზე იძულების“ ოპერაცია განახორციელა, მაგრამ საერთაშორისო არენაზე მოსკოვს თავს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა. ინგლისურენოვანი საინფორმაციო სივრცე, ცხადია, ბევრად ფართოა რუსულენოვანთან შედარებით, CNN-ის აუდიტორია კი ბევრად აღემატება НТВ-ს მაყურებელთა რაოდენობას.
ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ დასავლური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები არ ერიდებოდნენ ინფორმაციული სიყალბის დაშვებას და სიტუაციას ტენდენციურად აშუქებდნენ. რუსეთის მცდელობები, რომ თავისი პოზიციით გადმოეცა მოვლენები, უარყოფილი იქნა. საერთაშორისო საზოგადოება კონფლიქტს თბილისის თვალებით უყურებდა. რუსეთს არ გააჩნდა ისეთი პოლიტიკურ-ინფორმაციული ინსტრუმენტები, როგორებიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ან დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს ჰქონდათ - ისინი მოვლენებს ინტერპრეტირებდნენ, ავრცელებდნენ და შემდეგ საზოგადოების ცნობიერებაში თავიანთ ვერსიის დომინირებას ახდენდნენ.
ორივე მხარე - საქართველოც და რუსეთიც, მოწინააღმდეგის დასაბნევად და შიშის ჩასანერგად ფართოდ იყენებდნენ დეზინფორმაციას, საკუთარ დანაკარგებს ამცირებდნენ და მოწინააღმდეგისას კი აზვიადებდნენ. ქართული მხარე რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების დანაკარგებს ზრდიდა. ქართველმა სამხედროება გამოაცხადეს, რომ გორს ტოვებდნენ, თუმცა იმავე დღეს, პარლამენტის შენობის წინ გამართულ მიტინგზე 11 აგვისტოს სააკაშვილმა თქვა, თუ რა „დიდ“ წარმატებას მიაღწია საქართველომ: „პატარა ქვეყანა ვართ, პატარა არმია გვყავს, მაგრამ რუსეთის არმიას მაინც დიდი ზიანი მივაყენეთ. ისინი ჩვენს განადგურებას ცდილობდნენ, მაგრამ სამაგიეროდ 400 გვამი მიიღეს და 21 თვითმფრინავი ჩამოვუგდეთ, თანაც პრიმიტიული საშუალებებით“.
საბოლოოდ, [საქართველოს ხელისუფლების მიერ] კარგად კოორდინირებულმა „საინფორმაციო აგრესიის“ რეკლამირებამ ქვეყნის მოსახლეობაში თავის მიზანს მიაღწია: თუ 2007 წლის დასაწყისისათვის ომის (ანუ ძალის გამოყენების) მხარდამჭერად ყოველი მეოთხე ქართველი გამოდიოდა, 2008 წლის ივლისის შუახანებისათვის, გამოკითხვების მიხედვით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ძალისმიერი მოგვარების საკითხში მიხეილ სააკაშვილს უკვე საქართველოს მოქალაქეთა 80% უჭერდა მხარს. ქართული მასმედია დილიდან საღამომდე უნერგავდა ქვეყნის მოსახლეობას იმ აზრს, რომ საქართველოს არმიას, რომელიც „ერაყის ომშია გამოწრთობილი“, ბრძოლის მდიდარი გამოცდილება აქვს და რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „მთავარსარდლის უნიკალური ტალანტი აქვს“.
რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩრდ.კავკასიის სამხედრო ოლქის ფსიქოლოგიური ოპერაციების ქვედანაყოფში (დაახლ. 50 სამხედრო მოსამსახურე) არსებობდა მობილური სტამბა, სადაც შეიძლებოდა პროკლამაციები დაბეჭდილიყო საქართველოს მოსახლეობაში გასავრცელებლად. იმავე ქვედანაყოფში ასევე იყო რუსეთის არმიაში ერთადერთი მიმღებ-გადამცემი მობილური ტელეცენტრი, რომლითაც შეიძლებოდა რუსული თანამგზავრული არხების მეშვეობით საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარიყო საჭირო ვიდეომასალების გადაცემა, მათ შორის მეტრულ დიპაზონზე. მაგრამ სატელევიზიო ჯგუფის შტატში არ იყო განსაზღვრული ტელეოპერატორები და კორესპონდენტები, ამიტომაც ტელეგადაცემების წარმოება ვერ მოხერხდა. საბოლოოდ, ფსიქოლოგიური ოპერაციების ქვედანაყოფის შესაძლებლობები ომის დროს გამოუყენებელი აღმოჩნდა.