გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: 2018 წელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 266 ფაქტი გამოვლინდა

1-03-2019

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა რიგით მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2018 წელს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობას და გაწეულ საქმიანობას აჯამებს. მასში თავმოყრილია ინფორმაცია, ერთი მხრივ, გამოვლენილი სამართალდარღვევების, პრობლემატური საკითხებისა და არსებული გამოწვევების, მეორე მხრივ, კი ინსპექტორის რეაგირების შედეგების, გაუმჯობესებული პროცესებისა და პოზიტიური დინამიკის შესახებ. ინფორმაცია კონკრეტული საქმეებისა და სტატისტიკის შესახებ არა მხოლოდ 2018 წლის, არამედ ბოლო 6 წლის განმავლობაში ინსპექტორის საქმიანობისა და ტენდენციების ანალიზის საშუალებას იძლევა.


„მომართვიანობისა და ინსპექტირებების ზრდის ტენდენცია მეექვსე წელია უცვლელია. მოქალაქეების 382 მომართვისა და ჩატარებული 148 ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 266 ფაქტი. 72 ფაქტზე მოხდა ჯარიმის დაკისრება, 61 ფაქტზე – გაფრთხილება, 67 სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხერხდა, კანონმდებლობით გათვალისწინებული 2-თვიანი ხანდაზმულობის ვადის გამო. დამატებით გაიცა შესასრულებლად სავალდებულო 316 დავალება და რეკომენდაცია.


მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეთა მომართვიანობისა და ჩატარებული შემოწმებების რაოდენობის ზრდის ფონზე, გასული 6 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა სამართალდარღვევებისა და ჯარიმების რაოდენობის კლება.


საჯარო სექტორში, მსხვილ და საშუალო ბიზნესში საგრძნობლად გაზრდილია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ინფორმირებულობის დონე, ასევე ინტერესი ინსპექტორის აპარატთან წინასწარი კონსულტაციების მიმართ. მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიურობის ზრდაც: 2018 წელს გაწეული 6100-ზე მეტი კონსულტაციიდან ძირითადი ნაწილი სწორედ მოქალაქეებზე მოდიოდა.


პროგრესთან ერთად, კვლავ იკვეთება გამოწვევები, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. მათ შორის, მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადამოწმება, მონაცემების კანონდარღვევით გამჟღავნება, არასრულწლოვათა მონაცემების მიმართ მეტი სიფრთხილის გამოჩენის საჭიროება და სხვა. განსაკუთრებით აქტუალური იყო ამომრჩევლის მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, რასაც ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა. აპარატმა 2018 წელს საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავების სულ 470 პროცესი შეისწავლა.


ინსპექტორის აპარატი 2018 წლის განმავლობაშიც აგრძელებდა აქტიურ საგანმანათლებლო საქმიანობას. ტრენინგების შედეგად საჯარო და კერძო სექტორის 1200 წარმომადგენელს მიეცა პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ცოდნის შეძენისა და გაღრმავების შესაძლებლობა. ჩატარდა ტრენინგების სერია თვითმმართველობის ორგანოებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.


პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ანგარიშის სრული ტექსტის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930