გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველი ემიგრანტები: შეხვედრაზე არ შეგვიშვეს, მიშა ვერ იტანს განსხვავებულ აზრს

3-03-2019

რომში, სასტუმროსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრა მიმდინარეობს, ემიგრანტების ნაწილი აქციას მართავს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი რომიდან იუწყება.


როგორც ემიგრანტები ამბობენ, იმის მიუხედავად რომ რეგისტრაცია გაიარეს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრაზე არ შეუშვეს. ამის მიზეზად აქციის მონაწილეები იმას ასახელებენ, რომ მათ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ.


„იმიტომ არ გვიშვებენ, რომ მიშა ვერ იტანს განსხვავებულ აზრს. მისთვის მიუღებელია განსხვავებული აზრი. ჩვენ მოვედით ჩვენი აზრის დასაფიქსირებლად. პირველ რიგში, მან პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რაც ჩაიდინა. არ გვიშვებენ, რადგან განსხვავებული აზრის მატარებლები ვართ და არ ვართ მიშას მგალობლები და ხოტბის შემსხმელები“, – განაცხადა ერთ-ერთმა ემიგრანტმა.


როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სასტუმროსთან პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიციას აქვს ბრძანება, რომ ისინი არ შეუშვან სასტუმროში, სადაც მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მხარდამჭერებს ხვდება.


საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მხარდამჭერები რომში იკრიბებიან. მოძრაობა „ერთად სახლშის“ ორგანიზებით შეხვედრა რომში, რესპუბლიკის მოედანზე, ერთ-ერთ სასტუმროში იმართება.


შეგახსენებთ, 10 თებერვალს მოძრაობა „ერთად სახლშის“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეხვდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930