გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბუქარესტში შავი ზღვა - კასპიის ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შესახებ დეკლარაცია გაფორმდა

4-03-2019

დღეს ქალაქ ბუქარესტში, საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე.


ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა დააფიქსირეს მათი სახელმწიფოების პოლიტიკური ნება რეგიონში ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარების თაობაზე.


დეკლარაციის ხელმოწერისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული მარშრუტის მნიშვნელობას დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ სატრანზიტო სქემაში და აღნიშნეს, რომ ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირება ორი ზღვის მეშვეობით ყველაზე მოკლე და რენტაბელური მარშრუტია აქამდე არსებულ სატრანსპორტო ქსელებში.


ასევე აღინიშნა ახალ სამარშრუტო ხაზში ერთ-ერთი მონაწილის სახით რუმინეთის - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის შემდგომ აქტიურ მონაწილეობას სატრანსპორტო მარშრუტში. აღსანიშნავია, რომ რუმინეთი ამჟამად გახლავთ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, როგორც რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეოდორ მელეშკანუმ აღნიშნა მოცემული სატრანსპორტო მარშრუტი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ევროკავშირი - ცენტრალური აზიის თანამშრომლობის სტრატეგიაში, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დამტკიცდება.


მარშრუტის განვითარების მიზნით შეიქმნება ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეათანხმებს ტექნიკურ ასპექტებს, მოახდენს პროცედურების ოპტიმიზაციას, ხელს შეუწყობს ტარიფების ჰარმონიზაციას და საბაჟო პროცედურების გამარტივებას.


ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა ოთხივე ქვეყნის სატრანსპორტო, განსაკუთრებით კი საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მხრივ აღინიშნა ფოთის პორტის მოდერნიზაცია და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება.


ქართული მხარის მიერ ხაზი გაესვა, რომ საქართველოს, როგორც რეგიონის ლოგისტიკური ცენტრის გაძლიერება, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით, ხორციელდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ლაპის ლაზულის სატრანსპორტო დერეფანი, ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობა და განვითარება, სპარსეთის ყურე - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი, ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი და სხვა.


შავი ზღვა - კასპიის ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ინიცირება გასულ წელს მოხდა. 2018 წლის 24-25 ოქტომბერს, აშხაბადში გაიმართა კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის თაობაზე ექსპერტთა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ხსენებული ქვეყნების წარმომადგენლები.

ახლად დაფუძნებულ ოთხმხრივი შეხვედრების ფორმატში რუმინეთის, საქარატველოს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეტა მინისტრების შეხვედრა ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მომდევნო მინისტერიალი თურქმენეთის გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930