5-03-2019
ევროკავშირის საბჭომ EUROJUST-სა და საქართველოს შორის შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო. ევროპარლამენტში საქართველოსა და EUROJUST-ს შორის შეთანხმების გაფორმების საკითხზე კენჭისყრისას საქართველოსთან შეთანხმების გაფორმებას მხარი 555-მა დეპუტატმა დაუჭირა, 29 წინააღმდეგი იყო, ხოლო 20-მა თავი შეიკავა.
EUROJUST-თან შეთანხმება საქართველოს და ევროკავშირის ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემს უფრო სწრაფად და ეფექტურად ითანამშრომლონ დანაშაულის გამოძიებაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საშუალება იქნება საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით.
2017 წელს, შეთანხმების გაფორმებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, EUROJUST-მა სიღრმისეულად შეისწავლა საქართველოს სამართალდაცვით სფეროში პერსონალური მონაცემების დაცულობის თავსებადობა ევროკავშირის რეგულაციებთან. მხოლოდ აღნიშნულზე დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გადაწყდა შეთანხმების გაფორმების საკითხი.
EUROJUST სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის დაწესებულებაა, რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებს ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში. ევროკავშირის წევრი თითოეული სახელმწიფო EUROJUST-ში წარმოდგენილია მეკავშირე პროკურორით. ორგანიზაციაში მეკავშირეები ჰყავთ პარტნიორ სახელმწიფოებს (აშშ, ნორვეგია, შვეიცარია და აშ). შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველოს, როგორც პარტნიორ სახელმწიფოს, ანალოგიური შესაძლებლობა მიეცემა.