6-03-2019
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.6 პროცენტი ქალია, ხოლო 59.4 პროცენტი - კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.6 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 42.2 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 647.6 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 2.8 პროცენტით მეტი).
საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 582.4 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.1 პროცენტით მეტი).
2018 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 318.7 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 77.2 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 977.2 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 67.9 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
მსხვილი ბიზნესი – 1 288.8 ლარი;
საშუალო ბიზნესი – 1 513.9 ლარი;
მცირე ბიზნესი – 1 234.5 ლარი.
2018 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 40.9 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 20.0 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 9.8 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 8.7 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.9 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 3.6 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 11.1 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება:
2018 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (21.7 პროცენტი) და მშენებლობა (20.2 პროცენტი), შემდეგ მოდის ვაჭრობა (17.0 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9.8 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 31.2 პროცენტიანი წილი უჭირავს.