გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში ვაჟა აზარაშვილის იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა

7-03-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, საქართველოს სახალხო არტისტის, ვაჟა აზარაშვილის დაბადებიდან 80 და შემოქმედებითი მოღვაწეობიდან 60 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა.


ლეგენდარული კომპოზიტორის საიუბილეო საღამოს, რომელიც ,,საქართველოს ეროვნული ფილარმონიის’’ ინიციატივითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტს ცნობილი პროდიუსერი და წამყვანი ლადო ხელაშვილი უძღვებოდა. ვაჟა აზარაშვილთან ერთად, სცენაზე იდგნენ მისი მეუღლე - ცნობილი პოეტი მანანა დანგაძე, რომლის ლექსებზეც კომპოზიტორმა მრავალი სიმღერა შექმნა და პოპულარული საესტრადო მომღერალი ზურაბ კობეშავიძე.


ვაჟა აზარაშვილმა მთელი თავისი ცხოვრება ქართული სიმღერის, ეროვნული მუსიკალური კულტურის განვითარებას მიუძღვნა. მისი შემოქმედება გამორჩეულია ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. მან შექმნა ულამაზესი საესტრადო სიმღერები, კლასიკური, კამერული, ოპერეტული, საბალეტო და სხვა ჟანრის ნაწარმოებები, რომლებიც შეიყვარა ყველა თაობის მსმენელმა და წარმატებით სრულდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. სენაკელ მსმენელს საშუალება ჰქონდა დიდი მაესტროს შესრულებით მოესმინა ცნობილი საესტრადო სიმღერები და პირადად გასაუბრებოდა მსოფლიო დონის ხელოვანს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031