7-03-2019
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 2022 წლისთვის საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედი განათლების სფეროზე დაიხარჯება. ლორთქიფანიძის განცხადებით, ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის.
,,ნამდვილად ისტორიული დღეა და ძალიან დიდი შესაძლებლობები განათლებისთვის. მე, როგორც მეცნიერი, ვხედავ, რომ ეს არის მეცნიერების განვითარება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მოხდება საზოგადოებრივი განათლება. შეუძლებელია ქვეყნის განვითარება, თუ არ იქნება ფართო მასშტაბის, ბავშვობიდან განვითარება და სწორედ ჩვენს სფეროს, მუზეუმებს, კულტურულ დაწესებულებებს ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ზოგად განათლებაში. ასე რომ, ეს არის ძალიან დიდი მოვლენა ყველასთვის.
განათლება არის ძალიან ფართო ცნება, ეს არ არის მხოლოდ სკოლებისთვის და უნივერსიტეტისთვის. მე ვიტყოდი, ესაა ყველა ჩვენთაგანის ვალი, - მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ განათლებაში. მე ვხელმძღვანელობ სწორედ იმ დაწესებულებას, რომელსაც ეს უშუალოდ ევალება, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. მთლიანად ჩვენი განათლება უნდა იდგეს ისტორიაზე და ჩვენს ისტორიულ ღირებულებებზე" - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.