გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგარეო უწყება ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში გამგზავრების მსურველებ მიმართავს, გამგზავრებამდე დოკუმენტები მოაწესრიგონ

7-03-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირისა და შენგენის წევრ სახელმწიფოებში წასვლის მსურველებს მოუწოდებს, გამგზავრებამდე მოაწესრიგოთ უკლებლივ ყველა დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია საზღვრის გადაკვეთისთვის.


„ბოლო პერიოდში, ევროკავშირის/შენგენის წევრმა სახელმწიფოებმა გაამკაცრეს სასაზღვრო კონტროლი. შედეგად, საქართველოს არაერთ მოქალაქეს, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ ევროკავშირის/შენგენის სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმით განსაზღვრულ პირობებს და არ ფლობდნენ შესაბამის საბუთებს, უარი ეთქვათ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლაზე.


გაითვალისწინეთ, რომ ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოებს არ გააჩნიათ არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ მესაზღვრის მიერ კანონიერად მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, ჩაერიოს მის კომპეტენციაში და შეცვალოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შემოშვების მიზნით.


რა საბუთებია საჭირო უვიზოდ მგზავრობისთვის?


უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გაცემული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, რომელსაც უნდა ქონდეს მინიმუმ 3 თვის მოქმედების ვადა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლის დაგეგმილი დღისთვის.


მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოგთხოვოთ შემდეგი საბუთები:


დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
სასტუმროს მოქმედი ჯავშანი;
სამოგზაურო დაზღვევა;

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი.


ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდაკანონმდებლობით განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, არ აღემატება დღეში 50 ევროს.


გთხოვთ, თან იქონიოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს თქვენი მგზავრობის მიზანს!


კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:


ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;


ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:


ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.), ასევე მოწვევის წერილი;


მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი.

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად


სასურველია თან იქონიოთ:


იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ

შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.


სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;


მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით“ - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031